საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ლიონელ მესისა და ბარსელონაზე უკეთესი სიყვარულის ისტორია არ არსებობდა.
კლუბმა, რომელმაც არგენტინელი ბიჭუნა შეიფარა, სანაცვლოდ ათმაგი მიიღო.. მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ იქცა და გუნდს უამრავი ტიტული მოუპოვა. თუმცა, ეს ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც არავის სურდა.
ჟოან ლაპორტას გაპრეზიდენტების შემდეგ, მისი მთავარი ფოკუსი კლუბის აღდგენა გახდა. ამ პროცესში მესისთვის ადგილი აღარ დარჩა, ყოველ შემთხვევაში, ლაპორტა ასე ამტკიცებდა. მესი პსჟ-ში გადავიდა, შემდეგ კი ინტერ მაიამიში დამკვიდრდა. ამასობაში, ბარსელონამ აქცენტი ნიჭიერ ახალგაზრდებზე გააკეთა. დღეს მესიც და ბარსელონაც ერთმანეთის გარეშეც წარმატებით აგრძელებენ არსებობას.
მიუხედავად ამისა, ბარსას გულშემატკივრებს მაინც სურთ მესის კვლავ ბლაუგრანას ფორმაში ხილვა. უკვე რამდენიმე წელია ვრცელდება ხმები, რომ ლეოს დაბრუნება სურს, თუმცა არავინ იცის, ეს ფეხბურთელის სტატუსით მოხდება თუ კარიერის დასრულების შემდეგ.
თუ მესის პენსიაზე გასვლამდე ბარსელონაში თამაში უნდა, ეს სურვილი მას კლუბის ხელმძღვანელობისთვის არ გაუჟღერებია. სპორტულმა დირექტორმა დეკომ, რომელიც 2000-იანი წლების შუა პერიოდში მესის თანაგუნდელი იყო, ამ შესაძლებლობაზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მესის კლუბთან პოტენციურ დაბრუნებაზე არასდროს უსაუბრია.
დეკომ პირდაპირ თქვა:
დაბრუნების სცენარი, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც მე აქ ვარ, დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. არც მესის და არც მის გარემოცვიდან ვინმეს არ დაურეკავს და არ უთქვამს: დაბრუნება მინდა, თამაში მინდა. უამრავი ჭორი გავრცელდა და ბევრი რამ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ლეოსნაირ დიდებულ ფეხბურთელზე მსგავსი საუბრები აბსურდულია, თუკი რაიმე კონკრეტული არ არსებობს. ის კარგ ფორმაშია. ინტერ მაიამიში გადავიდა, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ის იქ ნამდვილად ბედნიერია.
ფანებს კვლავ მოუწევთ ლოდინი, სანამ მესის განახლებულ კამპ ნოუზე იხილავენ. მესის ბარსელონაში დაბრუნებაზე ხმამაღლა არასდროს უსაუბრია, თუმცა აღუნიშნავს, რომ ოდესმე ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უკან დაბრუნება სურს, ოღონდ, როდის, ეს არავინ იცის.