-
Aa
+
ფონტის ზომა
სულ უფრო მეტი საუბარია იმაზე, რომ ალვარო არბელოამ შესაძლოა პოსტი დატოვოს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება და სეზონს ტიტულის გარეშე დაასრულებს.
გამოცემა Defensa Central-ის მიერ კლუბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობამ ალტერნატიული ვარიანტების ძიება უკვე დაიწყო. მომავალ სეზონში სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე წამყვან კანდიდატად გერმანელი იურგენ კლოპი განიხილება.
ესპანელი ჟურნალისტი ანხელ ტორკემადა იტყობინება, რომ კლუბის წარმომადგენელ ანის ლაგრარისა და გერმანელ მწვრთნელს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ყველაფერი გარკვეული ტექნიკური და ადმინისტრაციული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.
როგორც ამბობენ, მისი მოთხოვნების სიაში ორი მცველი, უმაღლესი დონის ნახევარმცველები და ერლინგ ჰოლანდი შედიან. სწორედ ნორვეგიელს მიიჩნევს კლოპი თავისი პოტენციური პროექტის ქვაკუთხედად.
ლივერპულიდან წასვლის შემდეგ კლოპმა განაცხადა, რომ დასვენებას აპირებდა, თუმცა გავრცელებული ცნობით, ახლა ის ითხოვს ფართო უფლებამოსილებებს ტრანსფერებსა და ტექნიკურ საკითხებზე, იმ პრივილეგიებს, რომლებითაც დორტმუნდის ბორუსიასა და ლივერპულში სარგებლობდა. მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ის ნებისმიერ წინადადებაზე უარს იტყვის, თუ სრულ ავტონომიას არ მიიღებს, მაშინაც კი, თუ შეთავაზება რეალისგან იქნება.
ბევრი მადრიდისტა კლოპში ხედავს იდეალურ კანდიდატს, რომელმაც გუნდში დისციპლინა და მებრძოლი სული უნდა დააბრუნოს.
რაც შეეხება ტრანსფერებს, ერლინგ ჰალანდის სახელს მუდმივად უკავშირებენ ბლანკოსს, თუმცა აქამდე ინტერესი შენელებული იყო, რადგან კლუბმა პრიორიტეტი კილიან მბაპეს ტრანსფერს მიანიჭა.
იმის გათვალისწინებით, რომ ვინისიუს ჟუნიორი და მბაპე უკვე გუნდში არიან, ნორვეგიელის გაფორმება ტაქტიკურ და ფინანსურ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, მისი მოსვლა შესაძლოა დღის წესრიგში კვლავ დადგეს, თუ რომელიმე ვარსკვლავი გუნდს დატოვებს.
ამასობაში, ვინისიუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მბაპეს მოსვლისა და მისი მაღალი ანაზღაურების ფონზე, ბრაზილიელის ფინანსური მოთხოვნებიც გაიზარდა.
მბაპეს კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, თუმცა ბოლო პერიოდის წარუმატებელმა შედეგებმა კლუბში დაძაბულობა შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება. ჯერჯერობით არცერთ წამყვან გამოცემას ტორკემადას ინფორმაცია არ დაუდასტურებია, მაგრამ კლოპისა და რეალის გარშემო ატეხილი ხმაური კლუბში არსებულ გაურკვევლობასა და ახალი პროექტის სურვილზე მიუთითებს.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები