ესპანურ გამოცემა AS-ში გამოქვეყნდა ტომას რონსეროს მწვავე კრიტიკული წერილი, სადაც ავტორი ესპანეთის სამსაჯო სისტემას რეალის წინააღმდეგ მიმართულ „ისტორიულ უსამართლობაში“ ადანაშაულებს.
ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ჟირონასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი დავა ე.წ. „ნეგრეირას მემკვიდრეობის“ მორიგი თავია.
სტატია ასე იწყება:
მალიორკასთან მარცხის შემდეგ მადრიდისტების გულებში სასოწარკვეთა შემოიპარა, როდესაც გაჩნდა განცდა, რომ ლა ლიგის ტიტული ხელიდან გაუცურდათ.
ჟირონაზე გამარჯვება ბარსელონაზე ზეწოლას გააძლიერებდა და საჩემპიონო იმედებსაც შეინარჩუნებდა, მით უმეტეს, თუ კამპ ნოუზე გასამართ დერბიში ესპანიოლი მეთოფეებს დაეხმარებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ესპანური ფეხბურთი წარსულის შეცდომების გამეორებას აგრძელებს.
რონსეროს აზრით, ტურის სამსაჯო გადაწყვეტილებები ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მსაჯთა კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ერთგვარ პატივისცემას ჰგავდა, რომელიც წლების განმავლობაში ბარსელონას მფარველობდა და კატალონიური კლუბისგან მილიონებს იღებდა.
ავტორი მკაცრად აღნიშნავს:
ნებისმიერ სხვა ლიგაში, სადაც წესებს პატივს სცემენ, ბარსელონას დააქვეითებდნენ და ტიტულებს ჩამოართმევდნენ, როგორც ეს იუვენტუსის შემთხვევაში მოხდა. აქ კი, ესპანეთში, ეს მემკვიდრეობა კვლავ ცოცხლობს.
ჟირონასთან მატჩის 88-ე წუთზე კილიან მბაპეზე აშკარა პენალტი იყო, რასაც ბავშვიც კი დაინახავდა. მოედანზე მსაჯ ალბეროლას შესაძლოა ვიტორ რეისის უხეშობა გამორჩა, მაგრამ გაუგებარია, რას აკეთებდა დანიელ ხესუს ტრუელიო სუარესი, რომელიც VAR-ის ოთახში მონიტორებს უყურებდა.
ტრუელიომ დაინახა სისხლიანი მბაპე და კადრები გადაამოწმა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა. ეს არ იყო სიბრმავე ან სიყრუე, ეს იყო შეგნებული უმოქმედობა. ამ ფარსს რეალის მოწინააღმდეგეებიც კი ვერ ხსნიან, მადრიდისტების ტელეფონები კი გაოცებული შეტყობინებებით გაივსო.
ეს მსაჯი ტენერიფედანაა, იმ მხარიდან, სადაც 90-იან წლებში რეალმა ორი სკანდალური ტიტული დაკარგა. მან კლუბის ამბიციებს უკვე მეორედ დაარტყა: გასულ სეზონში პამპლონაში რეალს სამი პენალტი არ დაუნიშნა, დღეს კი საქმე ბოლომდე მიიყვანა.
რონსერო ასკვნის, რომ მადრიდულ დერბიში ჟერარ მარტინის არგაძევებისა და დღევანდელი უხეში შეცდომების შემდეგ, ლიგის პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაისის კლასიკო კი უკვე აზრს კარგავს: ტიტულის ბედი კაბინეტებსა და კულუარებში გაცილებით ადრე გადაწყდა, ვიდრე ეს მოედანზე მოხდებოდა.