ბარსელონას წინ დიდი გამოწვევა ელის.
ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის 31-ე ტურში, კამპ ნოუზე ტრადიციული დაპირისპირება გაიმართება, კატალონიური დერბი ბარსელონასა და ესპანიოლს შორის.
ბარსელონა ლა ლიგას 76 ქულით ლიდერობს, ხოლო ესპანიოლი 38 ქულით მეათე პოზიციაზეა. სტუმრები მოტივირებულები არიან, რომ პრინციპულ მეტოქეს ქულები გამოსტაცონ, თუმცა მასპინძელთა მიზნები გაცილებით მასშტაბურია.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ბარსელონა ისტორიულ ნიშნულს, სეზონის 100 ქულით დასრულებას უმიზნებს. ჩემპიონატის ფინიშამდე რვა ტურით ადრე გუნდს 76 ქულა აქვს. ეს ნიშნავს, რომ დარჩენილ ყველა მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი საოცნებო 100-ქულიან ზღვარს მიაღწევენ, რაც ლა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოხდა.
ბარსელონამ ეს შედეგი პირველად 2009-10 წლების სეზონში, პეპ გვარდიოლას დროს დააფიქსირა (31 მოგება, 7 ფრე, 0 მარცხი). მეორედ კი 100 ქულა 2012-13 წლებში, ტიტო ვილანოვას ხელში მოიპოვა. მაშინ ლეო მესიმაც რეკორდული 46 გოლი გაიტანა, გუნდმა კი გოლის გატანა ყველა ტურში მოახერხა, შედეგი, რომელიც მანამდე მხოლოდ ვალენსიას ჰქონდა ნაჩვენები 1944 წელს.
სხვათა შორის, რეალი იყო პირველი გუნდი, რომელმაც 100-ქულიანი ბარიერი გადალახა. ეს 2011-2012 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობისას მოხდა. მადრიდელებმა მაშინ რეკორდული 121 გოლი გაიტანეს, კრიშტიანუ რონალდუ კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ახლა ჰანსი ფლიკის წინაშე ახალი ამოცანაა: მოიგოს დარჩენილი რვა შეხვედრა, რათა ამ ლეგენდარულ მიღწევას გაუტოლდეს ან გადაასწროს. გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. ბარსელონას წინ ოთხი საშინაო მატჩი ელის: ესპანიოლთან, სელტასთან, რეალთან და ბეტისთან. გასვლაზე კი ხეტაფეს, ოსასუნას, ალავესსა და ვალენსიას ესტუმრებიან. სეზონი 24 მაისს დასრულდება.
გზა რთულია, თუმცა მიზანი მარტივი: ლა ლიგის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერა და იმ შედეგის დაბრუნება, რომელიც კამპ ნოუზე დიდი ხანია აღარ უნახავთ.