ბელგიამ შეერთებული შტატები საკუთარ კედლებში მსოფლიო ჩემპიონატს გამოთიშა.
შარლ დე კეტელარეს დუბლით ევროპელებმა 4:1 გაიმარჯვეს, მატჩი კი ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებულმა მწვავე დაპირისპირებამ დაჩრდილა.
გამარჯვების შედეგად ბელგია მეოთხედფინალში ესპანეთს შეხვდება, აშშ კი თანამასპინძლების, კანადისა და მექსიკის, მსგავსად, ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.
მატჩის დაწყებამდე მთელი ყურადღება აშშ-ის სასტარტო შემადგენლობაში ბალოგუნის ყოფნას ეთმობოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს თავდამსხმელისთვის წითელი ბარათის გამო დაკისრებული ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გადახედვა სთხოვა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო კი ამ მოთხოვნას საკამათო გადაწყვეტილებით დათანხმდა.
თუმცა მოულოდნელობები ბელგიის ძირითად შემადგენლობაშიც იყო, კევინ დე ბრუინი და ჟერემი დოკუ სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას გადაწყვეტილებამ გაამართლა, რადგან დე კეტელარემ სწრაფი გოლით სიეტლში საზეიმო განწყობა გააქრო.
მალიკ ტილმანმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა დე კეტელარემ ბელგიას უპირატესობა მალევე დაუბრუნა. მეკარე მეტ ფრიზის კატასტროფულ შეცდომასა და რომელუ ლუკაკუს გვიან გატანილ გოლს ამერიკელთა საბოლოო განადგურება მოჰყვა.
„შეცვალეთ ეს გადაწყვეტილება.“ - დაწერა ბელგიის ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში მატჩის შემდეგ.