სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრანპრი გაიმართა, რომელსაც ქალაქმა სან პაულომ უმასპინძლა. მთელი უიქენდის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი წვიმა იყო, რომელმაც ბევრ რამეზე იმოქმედა.
შაბათს სან პაულოს ტრასაზე სპრინტი გაიმართა, რომელიც მაკლარენის გამარჯვებით დასრულდა. პირველი ადგილი ლანდო ნორისმა დაიკავა, მეორე კი - ოსკარ პიასტრიმ. მე-3 ადგილზე შარლ ლეკლერი (ფერარი), მე-4 პოზიცია კი მაქს ვერსტაპენს (რედ ბული).
შაბათს უნდა გამართულიყო რბოლის კვალიფიკაციაც, თუმცა წვიმიანი ამინდის გამო ეს შეუძლებელი გახდა და მრბოლელებს სასტარტო პოზიციების გარკვევა კვირას მოუწიათ.
გარემო პირობების გამო კვალიფიკაციაზე მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა. მაგალითად, მაქს ვერსტაპენი პირველივე სექტორში ჩარჩა და რბოლის დაწყება მე-17 პოზიციიდან მოუწია, პირველ ხუთეულში კი სიურპრიზები იყო: პირველ ადგილზე ჩემპიონობისთვის მებრძოლი ლანდო ნორისი გავიდა, მეორეზე - ჯორჯ რასელი (მერსედესი), მე-3 და მე-5 პოზიციები კი RB-ის მრბოლელებმა, იუკი ცუნოდამ და ლიამ ლოუსონმა დაიკავეს, მე-4 იყო ესტებან ოკონი (ალბინი).
ბრაზილიური უიქენდის დაგვირგვინება წვიმიანი რბოლა იყო. რბოლის დაწყება გასახურებელ წრეზე ლენს სტროლის ინციდენტის გამო გადაიდო, კვალიფიკაციის გამარჯვებულმა ლანდო ნორისმა კი ლიდერობა პირველივე მოსახვევში დაკარგა და პოზიცია ჯორჯ რასელს დაუთმო.
რბოლაში ბევრჯერ გახდა ყვითელი დროშის საჭიროება, ვიხილეთ წითელი დროშაც და უსაფრთხოების მანქანასაც რამდენჯერმე მოუწია ტრასაზე გამოსვლა. ეს კი იმით დასრულდა, რომ რბოლა ბოლომდე ხუთმა მრბოლელმა ვერ დაასრულა.
დღის მთავარი გმირი კი მაქს ვერსტაპენი აღმოჩნდა, რომელიც სტარტზე მე-17 იყო და საბოლოოდ რბოლის გამარჯვებული გახდა. ნიდერლანდელმა წვიმიან პირობებში საოცარი ცივსისხლიანობა გამოავლინა და 69 წრე უშეცდომოდ გაიარა.
რბოლის წინ თითქოს ეს ლანდო ნორისის შანსი უნდა ყოფილიყო, რომ მაქსთან საჩემპიონო დავაში ჩამორჩენა შეემცირებინა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ვერსტაპენმა კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა.
გარდა მაქსის საოცარი რბოლისა, პოდიუმზე სხვა სიურპრიზებიც ვიხილეთ. მე-2 და მე-3 ადგილი ალპინის ფრანგმა მრბოლელებმა, ესტებან ოკონმა და პიერ გასლიმ დაიკავეს.
სეზონის დასრულებამდე 3 რბოლით ადრე მრბოლელთა საჩემპიონო დავაში მაქს ვერსტაპენმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
1. ვერსტაპენი - 393 ქულა
2. ნორისი - 331 ქულა
3. ლეკლერი - 307 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი ასეთი სიტუაციაა:
1. მაკლარენი - 593 ქულა
2. ფერარი - 557 ქულა
3. რედ ბული - 544 ქულა
მომდევნო რბოლა 24 ნოემბერს ლას ვეგასში გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები