უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ლონდონურმა გუნდებმა თავიანთი მატჩები გამართეს.
ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ბენფიკა მიიღო. ლონდონში დაბრუნდა და თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა ჟოზე მოურინიო. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მე-18 წუთზე რიჩარდ რიოსმა ავტოგოლი გაიტანა და ჩელსი წინ გავიდა.
ენცო მარესკას გუნდმა ამ ანგარიშის ბოლომდე შენარჩუნება შეძლო და გამარჯვება მოიპოვა. ჩელსის 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, ბენფიკამ კი ლიგაზე ორივე თამაში წააგო.
ჩელსი მომდევნო ტურში აიაქსს უმასპინძლებს, ბენფიკა კი ნიუკასლს ესტუმრება.
საინტერესო მატჩი შედგა ნორვეგიაში, სადაც ბოდო/გლიმტმა ტოტენჰემი მიიღო. მასპინძლებს 35-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, თუმცა კასპერ ჰოგმა პენალტი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში ნორვეგიელები წინ მაინც გავიდნენ. 53-ე წუთზე იენს ჰაუგემ გახსნა ანგარიში, 66-ე წუთზე კი მან დუბლი შეასრულა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.
აქედან 2 წუთში მიკი ვან დე ვენმა ერთი ბურთი გაქვითა , 89-ე წუთზე კი იოსტეინ გუნდერსენის ავტოგოლით ტოტენჰემმა ანგარიში გაათანაბრა და ნორვეგიიდან ქულა წამოიღო.
ლონდონელებს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ, ნორვეგიელებმა კი ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს.
ბოდო/გლიმტი შემდეგ ტურში გალათასარაის თურქეთში დაუპირისპირდება, ტოტენჰემი კი მონაკოს ეწვევა.