უეინ რუნიმ აღიარა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების დამარცხებაში მეუღლე კოლინი დაეხმარა.
იუნაიტედის ექს-ფეხბურთელმა კოლინ რუნი ცოლად 2008 წელს შეირთო.
„კოლინი არის საოცრება. ორივე კროკსეტიდან ვართ, ერთად გავიზარდეთ, მერე ვხვდებოდით, ვიქორწინეთ, შვილები გაგვიჩნდა.
მან 17 წლიდან იცოდა, რომ ცოტათი ვერ ვარ. ფეხბურთი მიყვარდა, მისით შეპყრობილი ვიყავი, მაგრამ წვეულებებზეც ვერ ვამბობდი უარს. მან ეს მალევე შენიშნა და მაკონტროლებდა, მეხმარებოდა თვითკონტროლში. ზოგჯერ ამბობდა - რას აკეთებ? თითქოს, მმართავდა, როგორც მენეჯერი. სიმართლე გითხრათ, რომ არა კოლინი, დღეს მკვდარი ვიქნებოდი, ამაში დარწმუნებული ვარ.
ის, რასაც ის აკეთებს... ზოგჯერ მაღიზიანებს. ვფიქრობ - რა გინდა? მაგრამ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, არის იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე როგორც ადამიანი და დავრჩე ამ სამყაროში. შეცდომები წარსულშიც დამიშვია, რომლებზეც საჯაროდ არის ცნობილი. ვერ ვიქცევი ისე, როგორც სხვები და მეუღლე მეხმარება, რომ არ გადავიდე საჭირო გზიდან. საოცარი ის არის, რომ ის ამას უკვე 20 წელზე მეტია აკეთებს.
მინდოდა ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა, სახლიდან გავსულიყავი და მეგობრებთან გართობისგან სიამოვნება მიმეღო. თუმცა, ძალიან შევტოპე. რაღაც მომენტი იყო ცხოვრებაში, როცა ალკოჰოლს ვებრძოდი. არ მეგონა, რომ ვინმესთვის შემეძლო დახმარების თხოვნით მიმემართა. არც მინდოდა ამის გაკეთება, რათა იმ ვინმეზე ზედმეტი პასუხისმგებლობა არ ამეკიდა.
მახსოვს, რომ მოვდიოდი ვარჯიშზე, თვალებში ვიწვეთებდი და საღეჭ რეზინს ვღეჭავდი. ორი დღე ზედიზედ ვსვამდი, შემდეგ ვარჯიშზე მიწევდა მისვლა. უიქენდზე რამდენიმე გოლს ვიტანდი, შემდეგ კი ვბრუნდებოდი და ისევ ზედიზედ ორი დღე ვსვამდი.
უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული. როცა უფეხბურთო 2-3 დღე გვქონდა, ვიკეტებოდი და უბრალოდ ვსვამდი, რათა ყველაფერი ამომეგდო თავიდან. მანჩესტერში თითქმის გონების დაკარგვამდე ვსვამდი. ვგრძნობდი, რომ ვღალატობ ადამიანებს და არ ვიცოდი, როგორ დამეღწია თავი.
ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, როცა ევერტონის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, სიგარეტის კოლოფით და სასმლის ბოთლით შემამჩნია. ზედმეტად ბევრს ვსვამდი." - აღნიშნა რუნიმ რიო ფერდინანდთან პოდკასტში.