უოტფორდის მთავარი მწვრთნელი, ედ სტილი ამბობს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ფეხბურთელია, რომელიც ძალიან უყვარს და პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კვლავ „გაიბრწყინოს“.
ჩაკვეტაძე სტილის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამი მატჩიდან მეორედ შეცვალეს შესვენებაზე.
შემტევ ნახევარმცველს გოლი 2024 წლის დეკემბრის შემდეგ არ გაუტანია და ნოემბერში მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნების მერე შეტევის ბოლო მესამედში თავისი ჩვეულებრივი მაგიის ჩვენება უჭირს.
მთავარმა მწვრთნელმა გაამხილა, რომ იფსვიჩთან მატჩი ქართველთან ერთად დეტალურად განიხილა და მუშაობს იმისთვის, რომ გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის სრულფასოვნად გახსნა შეძლოს.
სტილმა თქვა: „გიორგის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, ძალიან მიყვარს ის. ვფიქრობ, შესანიშნავი ფეხბურთელია.
გუშინ ძალიან კარგი განხილვა გვქონდა და სინამდვილეში ეს ჩემზეა. ჩემზეა დამოკიდებული, ვიპოვო საუკეთესო გზა, არა მხოლოდ მის ჩართვაზე თამაშში, არამედ იმაზე, როგორ მივაღებინო საუკეთესო თამაში, რომ ისევ გაიბრწყინოს.
გასულ სეზონში მან ეს შეძლო, როდესაც ჩემპიონშიფის ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიკერი იყო. უბრალოდ საჭიროა მისთვის სწორი ბალანსის პოვნა და იმ ზონებში მოხვედრა, სადაც შეუძლია აჩვენოს, რამდენად კარგი ფეხბურთელია.
ბევრმა სხვა ფეხბურთელმა პირველ მატჩებში ნამდვილად დიდი პროგრესი აჩვენა, მაგრამ მის შემთხვევაში ჯერ ვერ მოვახერხე იგივე.
ეს პროცესია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საუკეთესო პირობები შევუქმნათ და ისევ გაიბრწყინოს.“
არსებობს მოსაზრება, რომ აპრილიდან ნოემბრამდე შვიდთვიანმა იძულებითმა პაუზამ ჯერ კიდევ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩაკვეტაძეზე, თუმცა სტილი დარწმუნებულია, რომ როგორც კი ყველაფერი „დალაგდება“, ის კვლავ გაფრინდება.
მთავარმა მწვრთნელმა თქვა: „რა თქმა უნდა, ნამდვილად ასე ვფიქრობ.
ვესაუბრები და ვუსმენ მას, რათა ვიპოვოთ ის ბალანსი, რომელიც მასსა და მის გარშემო მყოფ ბიჭებს შორის საჭიროა.
ჩვენ ვიცით, რომ როცა ჩაკვეტაძე თავის საუკეთესო ფორმაშია, გუნდში ყველა სხვა ფეხბურთელიც ბევრად უკეთ თამაშობს.“