ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ CCTV-მ შაბათს ესპანეთის ლა ლიგის არცერთი მატჩი არ გადასცა.
მაუწყებელმა ჩემპიონატის ტრანსლაციები ორშაბათს შეაჩერა, მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ მაო ძედუნთან დაკავშირებულ მიმზე კომენტარი გააკეთა. თუმცა მატჩების ნახვა ჩინურ პლატფორმა Migu-ზე კვლავ შესაძლებელი იყო.
სააგენტო EFE-ს ინფორმაციით, პარასკევსა და შაბათს გამართული ლა ლიგის არცერთი შეხვედრა - ვილიარეალი vs ესპანიოლი, ლევანტე vs ატლეტიკო, რაიო ვალეკანო vs სელტა, ბეტისი vs მალაგა და ბარსელონა vs ალავესი - CCTV-ის არხებზე არ გადაიცა და არც მაუწყებლის ოფიციალურ პროგრამაში იყო შეტანილი.
ტელეკომპანიის განრიგში არც კვირას საღამოსა და ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრები აღმოჩნდა: ხეტაფე vs სევილია, რასინგი vs რეალი, ელჩე vs ვალენსია, ატლეტიკი vs სოსიედადი, ასევე ორშაბათს გასამართი მატჩი დეპორტივოსა და ოსასუნას შორის.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც კილიან მბაპემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი მიმი იყო გამოსახულება, რომელზეც მისი სახე „ჩინელი დიქტატორის“ სახეზე იყო დამონტაჟებული.
ფრანგ ფეხბურთელს მაო ძედუნი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა სწორედ მისი გამოსახულება იყო გამოყენებული აღნიშნულ მიმში.
მბაპეს განცხადებას სამშაბათს რამდენიმე ჩინური კომპანიის მხრიდან მასთან კომერციული თანამშრომლობის შეწყვეტა მოჰყვა.
ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა შეაჩერა ლა ლიგის მატჩების, ფრანგი თავდამსხმელის მონაწილეობით გამართული შეხვედრებისა და მისი სარეკლამო რგოლების ჩვენება.
მოგვიანებით მბაპემ ბოდიში სამ ენაზე - ფრანგულად, ჩინურად და ინგლისურად მოიხადა.
თავის მხრივ, ლა ლიგამ მომხდარის გამო სინანული გამოთქვა, ხოლო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა China Media Group-ს (CMG), რომელიც CCTV-ის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი.