ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი, 78 წლის ასაკში, ფეხბურთში ბრუნდება და ბრისტოლ სიტის ჩაიბარებს.
როი ჰოჯსონი ჩემპიონშიფის კლუბ ბრისტოლ სიტის მთავარ მწვრთნელად სეზონის დარჩენილი პერიოდისთვის დაინიშნა.
ეს ჰოჯსონისთვის სენსაციური დაბრუნებაა სამწვრთნელო საქმიანობაში, რომლის კარიერაც უკვე 5 ათწლეულს მოიცავს. ბოლოს მან კრისტალ პალასი 2024 წლის თებერვალში დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ადრეულ ეტაპზე ბრისტოლ სიტი პლეიოფის ზონაში იყო, ახლა გუნდი ინგლისის მეორე დივიზიონში მე-16 ადგილზეა და უკვე 6 მატჩია გამარჯვების გარეშეა. ჰოჯსონის პირველი მატჩი 3 აპრილს, ჩარლტონ ატლეტიკთან სტუმრად, იქნება.
„მქონდა ძალიან კარგი საუბრები კლუბის ხელმძღვანელობასთან და მოხარული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე დახმარების შესაძლებლობა მომეცა. დაუყოვნებლივ დავიწყებთ მუშაობას და ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ პარასკევს.“ - განაცხადა ჰოჯსონმა კლუბის ოფიციალურ განცხადებაში
ჰოჯსონს თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 1,269 მატჩი აქვს ჩატარებული და უმუშავია ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიცაა მილანის ინტერი და ლივერპული, ასევე ბლექბერნ როვერსი, ფულემი, ვესტ ბრომვიჩ ალბიონი და კრისტალ პალასი.
მისი სამწვრთნელო კარიერა ინგლისში სწორედ ბრისტოლ სიტიში დაიწყო 1982 წელს, შვედურ ჰალმსტადში ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ. მთლიანობაში, მან 17 სხვადასხვა კლუბსა და 4 ეროვნულ ნაკრებში იმუშავა, მათ შორის ინგლისის ნაკრებში 2012-2016 წლებში.