2025 წლის 3 ივნისს, ესპანეთში, ზამორას გზატკეცილზე მომხდარი საავტომობილო ავარიის შედეგად, გარდაიცვალა ორი ძმა - 28 წლის დიოგუ ჟოტა და 25 წლის ანდრე სილვა.
ორივე ფეხბურთელი იყო, თუმცა უფროსი ძმა ბევრად წარმატებული და ცნობილი გამოვიდა, ანდრე სილვა კი პორტუგალიის მე-2 დივიზიონის გუნდში აგორებდა ბურთს და ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ ის ლივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების შემტევის, დიოგუ ჟოტას ძმა იყო.
ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ ძმები იყვნენ, რატომ აქვთ სხვადასხვა გვარი? ზოგმა შეცდომით უმცროს ძმასაც ანდრე ჟოტა დაარქვა, თუმცა რეალურად საქმე სულ სხვაგვარად არის.
"ჯოტა" გვარი სულაც არ არის - ლივერპულის შემტევის რეალური სახელი და გვარი დიოგუ ჟოზე ტეიშეირა და სილვა იყო. დიოგუს, რომელსაც ორი სახელი ჰქონდა (დიოგუ ჟოზე) არ სურდა, რომ უამრავი სხვა პორტუგალიელივით "სილვა" დაეწერა მაისურზე, ამიტომაც მარტივ ხერხს მიაგნო და Diogo J. დაიწერა.
პორტუგალიურ ანბანში ასო J იკითხება როგორც "ჟოტა", ამიტომ წლებთან ერთად ფეხბურთელსაც დიოგუ ჟოტა შეერქვა, იმიტომ რომ მაისურზე სწორედ ასე ეწერა.
ფეხბურთელი კმაყოფილი დარჩა თავისი მეტსახელით - იმდენად, რომ ვულვერჰემპტონში გადასვლისას დიოგუ ჟ-ს ნაცვლად მაისურზე პირდაპირ ჟოტა დაიწერა.

თუმცა, ლივერპულში გადასვლის შემდეგ მან ისევ ძველი ვარიანტი აირჩია და მერსისაიდული კლუბის მაისურის ზურგზე Diogo J ეწერა.
