უეფას ევროპა ლიგის მე-6 ტურში 18 მატჩი გაიმართა.
ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა რუმინულ FCSB-სა და ფეიენოორდს შორის შედგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 4-3 დასრულდა.
ყველაზე დიდი სხვაობით ფენერბაჰჩემ იმარჯვა, რომელმაც გასვლაზე ნორვეგიული ბრანი 0-4 დაამარცხა.
თავისი მატჩი წააგო ოთარ კიტეიშვილის შტურმმა. გრაცელებმა ცრვენა ზვეზდასთან შეხვედრა 0-1 დათმეს. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა. ავსტრიული გუნდი ლიგის ფაზაში 4 ქულით 29-ე ადგილზეა და ტოპ 24-ს 3 ქულით ჩამორჩება.
ტურნირის ლიგის ფაზას 6 ტურის შემდეგ სათავეში 15-15 ქულით ლიონი, მიდტიულანდი და ასტონ ვილა უდგანან. 14-14 ქულა აქვთ ბეტისს, ფრაიბურგსა და ფერენცვაროშს, ტოპ 8 გუნდს კი 13-13 ქულით ბრაგა და პორტუ ასრულებენ.
ტურნირს 4 დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა. 4 მოგება და 2 ფრე აქვთ ბეტისს, ფრაიბურგსა და ფერენცვაროშს. 2 მოგება და 4 ფრე კი პლზენის ანგარიშზეა.
მოგების გარეშე ასპარეზობას 5 გუნდი აგრძელებს - უტრეხტი, რეინჯერსი, მალმიო, მაკაბი თელ ავივი და ნიცა. ეს უკანასკნელი 0 ქულით ბოლო ადგილზეა, დანარჩენებს კი თითო ქულა აქვთ მოპოვებული.
6 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას რაზგრადის ლუდოგორეცის სერბი მოთამაშე, პეტარ სტანიჩი ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.