ბაიერნმა და დაიო უპამეკანომ კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივეს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესმა ექს-ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი აღაშფოთა.
Bild-ის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულებით, ფრანგი მცველი წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ამავე მოცულობის (20 მლნ) ბონუსი და 65-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი ემატება.
მთავარი დავა ბონუსის გადახდის წესზე იყო: ფეხბურთელს ფული მაშინვე უნდოდა, კლუბი კი მის განაწილებას ითხოვდა. საბოლოოდ, უპამეკანო ბაიერნის პირობებს დათანხმდა, ოღონდ მას შემდეგ, რაც კლუბის მიერ დათქმული ბოლო ვადა (დედლაინი) უკვე გასული იყო. მიუნხენელებმა „დაგვიანებული“ თანხმობა მაინც მიიღეს, რამაც ჰამანი გააცოფა.
„ბაიერნი ამ მოლაპარაკებებში უბრალო მგზავრი გამოვიდა. აგენტებს ისინი ცხვირით დაჰყავთ. ეს სირცხვილია! თუ კლუბი წინადადებას უკან იხმობს, ფეხბურთელს მისი მიღება აღარ უნდა შეეძლოს, რადგან ის შეთავაზება აღარ არსებობს. თუ ასე ხდება, ეს კლუბისთვის სამარცხვინოა.
დედლაინის შემდეგ რომ დაერეკა, ვეტყოდი: მოდი ხვალ ოფისში და ახალ კონტრაქტს გაგიფორმებთ, ოღონდ ბევრად ნაკლებად მომგებიანს, ვიდრე წინა იყო“, — განაცხადა ჰამანმა Sky Sport-ის ეთერში.
დიტმარ ჰამანი წლების განმავლობაში იცავდა ბაიერნის ღირსებას (1993-1998), სადაც ორჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. თუმცა, მისი კარიერის პიკი ლივერპულს უკავშირდება, რომელთან ერთადაც 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალი მოიგო. გერმანიის ნაკრებში მან 59 მატჩი ჩაატარა. დღეს ჰამანი Sky Sport-ის ექსპერტად მუშაობს.