4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენების წარმატებული გამოსვლა გრძელდება.
დღეს პარაძიუდოში საქართველოს სახელით 2 წარმომადგენელი წარსდგა. ქალთა -70 კგ. წონით კატეგორიაში 1/4 ფინალიდან ასპარეზობა დაიწყო ინა ქალდანმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩინელი იუ ვანგი იყო.
ქართველი ჩინელთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მე-3 ადგილისთვის დაპირისპირებაში ინას მეტოქე ყაზახი აიალა მერეკე იქნება. ინა ქალდანი ტოკიო 2020-ის ვერცხლის პრიზიორია.
კაცთა -73 კგ. წონით კატეგორიაში ასევე 1/4 ფინალური ეტაპიდან ჩაერთო გათამაშებაში გიორგი ქალდანი, რომელმაც რუმინელი დანიელ ვარგოჩკი იპონით დაამარცხა, 1/2 ფინალში ქართველის მეტოქე უზბეკი უჩკუნ კურანბაევი იყო, რომელსაც ასევე იპონით სძლია და პარალიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე იაპონელი იუჯირო სეტო იქნება.
ინა და გიორგი ქალდანები ცოლ-ქმარი არიან და მათი ამბავი ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია.
გიორგი ქალდანმა პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას მე-6 მედალი გაუნაღდა - ანა ჯაფარიძე (ბრინჯაო), გიგა ოჩხიკიძე (ოქრო), ნინო თიბილაშვილი (ბრინჯაო), ვლადიმერ ჭინჭარაული (ვერცხლი), ზურაბ ზურაბიანი (ვერცხლი), გიორგი ქალდანი (ოქრო ან ვერცხლი).
იმედია, ინა ქალდანიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მოიგებს და საქართველოს მე-7 მედალიც ჩაეწერება. ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები