სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში ინტერმა სტადიო ჯუზეპე მეაცაზე იუვენტუსი მიიღო.
შეხვედრა საოცრად სანახაობრივი გამოდგა, რაზეც გოლების რაოდენობაც მეტყველებს. თამაშში 8 გოლი ვიხილეთ, აქედან 5 კი პირველ ტაიმში.
ყველაფერი მე-15 წუთზე დაიწყო და პიოტრ ჟელინსკიმ პენალტის საშუალებით ანგარიში გახსნა, მალევე იუვენტუსმა თამაში მოატრიალა, მე-20 წუთზე ჯერ დუშან ვლავოვიჩმა, 27-ე წუთზე კი ტიმოთი ვეამ გამოიჩინეს თავი და ტურინელები წინ გაიყვანეს, თუმცა პირველივე ტაიმში კიდევ ერთი ქამბექი ვიხილეთ. ინტერმა 2-წუთიან მონაკვეთში შეძლო 2 გოლის გატანა. ჰენრიხ მხითარიანმა 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 37-ე წუთზე კი ჟელინსკიმ ისევ პენალტის დახმარებით შეასრულა დუბლი და ინტერი დააწინაურა. პირველი ტაიმი ნერაძურის გამარჯვებით 3-2 დასრულდა.
პირველი 45 წუთის ენერგია მეორე ტაიმზეც გადავიდა. 53-ე წუთზე დენზელ დუმფრისმა ორბურთიანი გახადა ინტერის უპირატესობა, თუმცა ბოლო 20 წუთში იუვენტუსმა კვლავ მოახერხა მობილიზება. 71-ე წუთზე ქენან ილდიზმა შეძლო სხვაობის შემცირება, 82-ე წუთზე კი ისევ თურქმა გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა, რითიც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ჯუზეპე მეაცაზე ინტერისა და იუვენტუსის უხვგოლიანი დაპირისპირება 4-4 დასრულდა, რაც ყველაზე მეტად ნაპოლის აწყობდა.
სერია ა-ში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა ნაპოლია 22 ქულით, მეორე ადგილს ინტერი იკავებს 18 ქულით, მესამე ადგილზე კი იუვენტუსია 17 ქულით.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები