• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
იტალიაში გარიყული ინგლისელი ვარსკვლავი
ფეხბურთიფეხბურთი

იტალიაში გარიყული ინგლისელი ვარსკვლავი

11 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დაარსების დღიდან იტალიის სერია A-ში ფეხბურთელებს არამხოლოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან უთამაშიათ. „ბელა ვიტაში“ საცხოვრებლად და სათამაშოდ წასული ინგლისელი ფეხბურთელი კი დაახლოებით ოცდაათია, რომელთა უმეტესობამ იტალიაში მხოლოდ რამდენიმე სეზონი დაჰყო.


სერია A-ს მიმართ ინგლისელების არაკეთილგანწყობის მიუხედავად, იყო ერთი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც 60-იან წლებში აპენინებზე თითქმის დეკადა გაატარა. მას ერქვა ჯერი ჰიჩენსი და ზოგიერთი ქომაგისთვის იგი სუპერვარსკვლავია, რომელიც ინგლისურმა ფეხბურთმა დაივიწყა.


ჯერალდ არჩიბალდ ჰიჩენსი 1934 წელს სტაფორდშირის საგრაფოს მაღაროელთა დასახლება რონსლიში დაიბადა. ბავშვობაში ადგილობრივები მას ნიჭიერ ბიჭად თვლიდნენ, თუმცა ჩანდა, რომ მისი საფეხბურთო ტალანტი წლების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩებოდა - მისდამი პროფესიული კლუბების ინტერესი პრაქტიკულად არ არსებობდა.


ჰიჩენსი ყმაწვილობაშივე მიხვდა, რომ მისი ოცნებები შესაძლოა, არასოდეს ასრულებულიყო, ამიტომ მოზარდობისას ქვანახშირის მოპოვებაზე დაიწყო მუშაობა იმ იმედით, რომ ღირსეულ ანაზღაურებას იშოვიდა, ფეხბურთის სათამაშოდ კი ადგილობრივ „ჰაილი მაინერს ველფერს“ მიაშურა, სადაც ერთი სეზონი (1952-53) გაატარა.



როდესაც „მაინერსი“ საგრაფოს ფინალში გავიდა, ჯერი ჰიჩენსმა თავი ფართო საფეხბურთო საზოგადოებას გააცნო - ფეხბურთელმა მეტოქე „კიდერმინსტერ ჰარიერზის“ მდივნის, ტედ გემსონის ყურადღება მიიპყრო.


გემსონმა ჰიჩენსს უმალ გაუფორმა ხელშეკრულება. 1953-55 წლებში „კიდერმინსტერ ჰარიერზის“ სარეზერვო გუნდის პარალელურად, ფეხბურთელმა დიდ გუნდში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.


ცხადია, ჯერი ჰიჩენსის ტალანტი ჯეროვნად ვერც კიდერმინსტერში დაფასდა, სწორედ ამიტომ იგი ინგლისის ჩემპიონატში მოასპარეზე უელსურ კლუბში, „კარდიფ სიტიში“ ჩაირიცხა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაშიც რეგულარულად ხვდებოდა და მთავარ მეგოლედაც იქცა - თავდამსხმელმა „ბლუბირდების“ მაისურით 108 თამაშში 57 გოლი გაიტანა, რითაც ინტერესი გამოიწვია ისეთი გუნდების მხრიდან, როგორიებიცაა - „ვულვზი“, „ბირმინგემ სიტი“ და „ასტონ ვილა“.


მიუხედავად იმისა, რომ „ვილამ“ წინა სეზონში ასოციაციის თასი მოიგო, მწვრთნელმა ერიკ ჰაფტონმა იცოდა, რომ მას გოლების გამტანი სწრაფი ცენტრფორვარდი სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, 1957 წლის დეკემბერში ბირმინგემულმა კლუბმა ჯერი ჰიჩენსი დაიმატა, „კარდიფ სიტიმ“ კი სანაცვლოდ 22 500 ფუნტ სტერლინგი მიიღო.


ჰიჩენსმა პიტერ მაკპარლანდთან ერთად მრისხანე თავდასხმის დუეტი შექმნა და ოთხი სეზონის განმავლობაში 160 შეხვედრაში თავი 96 გოლით გამოიჩინა. ჯერი ჰიჩენსის ბირმინგემულ კარიერას დღემდე თბილად იხსენებს ყველა, ვისაც კი მისი თამაში უნახავს. „ვილაში“ ყოფნისას გამოსარჩევია ხუთი გოლი „ჩარლტონის“ წინააღმდეგ 11:1 მოგებულ შეხვედრაში, 1959 წელს.



ბირმინგემულ გუნდში სახელის მოხვეჭის გამო გასაკვირი არაა, რომ შედეგიანი ფორვარდი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. „სამი ლომის“ მაისური მან პირველად 1961 წლის 10 მაისს, მექსიკასთან მოგებულ (8:0) ამხანაგურ მატჩში მოირგო და სადებიუტო გოლიც გაიტანა - „უემბლიზე“ ჰიჩენსმა სასტარტო სასტვენიდან წუთნახევარში გახსნა შეხვედრის ანგარიში.


ორი კვირის შემდეგ იტალიის დედაქალაქ რომში ჯერი ჰიჩენსმა „სკვადრა აძურას“ დუბლი შეუსრულა. ინგლისმა ის ამხანაგური მატჩი 3:2 მოიგო, ჰიჩენსს კი თვალი მილანის „ინტერნაციონალემ“ დაადგა და იმავე ზაფხულს თავდამსხმელი 85 ათასი ფუნტის სანაცვლოდ გადაიბირა.


ჯერი ჰიჩენსის იტალიური თავგადასავალი დაიწყო, აპენინებზე გადაბარგების გადაწყვეტილების ახსნისას კი ფეხბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურდა განსხვავებული ადგილების ნახვა და სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ თამაში, რადგან ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლე იყო, შესაძლებლობებს კი შორს მიყავდა...


„ნერიაძურიში“ ჰიჩენსი 1961-62 წლების სერია A-ს გამარჯვებული გახდა. მისი პირადი მონაგარი 37 შეხვედრა და 18 გოლი იყო, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელმა სადებიუტო მილანურ მატჩში შეასრულა დუბლი.



მოედანზე ნაჩვენები შესანიშნავი ფორმის მიუხედავად, ჰიჩენსმა ახალ გარემოსთან შეგუება რთულად შეძლო. მისთვის, ისევე როგორც სხვა ბრიტანელი ფეხბურთელებისთვის (ჯიმი გრივზი, დენის ლოუ), პრობლემას ენობრივი ბარიერიც წარმოადგენდა, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, იგი არა თვეები, არამედ წლები დარჩა იტალიაში სათამაშოდ.



წარმატებული სეზონის გამო იტალიური პრესა ჯერი ჰიჩენსს „ზარბაზანსა“ და „ფეხბურთის პრინცს“ ეძახდა, სწორედ ამიტომ, „ინტერის“ ბომბარდირი ჩილეში გასამართ მუნდიალზე ეროვნული გუნდის მწვრთნელმა უოლტერ უინტერბოტომმა იხმო, რითაც იგი ინგლისის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე პირველ ლეგიონერად იქცა.


ჰიჩენსმა ჩილეს სტადიონებზე ინგლისის ნაკრების რიგებში ყველა, ოთხივე მატჩი ითამაშა, გოლი კი მეოთხედფინალში წაგებულ (1:3) შეხვედრაში, მომავალ ჩემპიონ ბრაზილიას გაუტანა.


იმავე წელს „სამი ლომი“ ლეგენდარულმა ალფ რემზიმ ჩაიბარა, რომელმაც უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე უარი თქვა და ჯერი ჰიჩენსსაც ეროვნული გუნდის მაისური აღარასოდეს მოურგია. მის ანგარიშზე ნაკრებში გამართული მხოლოდ 7 მატჩი და 5 გატანილი გოლია.



ახალ იტალიურ სეზონში ინგლისელს „ინტერის“ შემადგენლობაში 6 შეხვედრაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და 2 გოლი ჰქონდა გატანილი, როდესაც „ტორინოში“ გადავიდა.


ტურინული კლუბის რიგებში 1962-63 წლების იტალიის პირველობაზე ჰიჩენსმა 24 მატჩში 11 გოლი გაიტანა, შემდეგ ორ სეზონში კი მისი სტატისტიკა უფრო მოკრძალებული გახდა: 33 მატჩში 9 გოლი და 32 მატჩში 8 გოლი.


ტურინს ბერგამო მოყვა და „ატალანტაში“ გატარებული ორი სეზონი (58 მატჩი, 10 გოლი), ბოლო იტალიური გუნდი კი ჯერი ჰიჩენსის კარიერაში „კალიარი“ იყო.


სარდინიულ კლუბში ინგლისელმა სულ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 4 გოლით გამოიჩინა თავი.


1969 წელს ჰიჩენსი სამშობლოში დაბრუნდა და „ვუსტერ სიტიში“ ჩაირიცხა. ვუსტერშირელთა შემადგენლობაში მან ძველი დრო გაიხსენა და სამი სეზონის განმავლობაში, 51 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. კარიერის უკანასკნელი კლუბი კი ჰიჩენსისთვის უელსური „მერტირ ტიდფილი“ (არსებობა 2010 წელს შეწყვიტა) იყო, სადაც 1971 წელს სულ 6 მატჩში ითამაშა.


ჰიჩენსის იტალიაში ნათამაშები რვა სეზონი დღემდე ყველაზე დიდი პერიოდია, რაც კი ამ ქვეყანაში ინგლისელ ფეხბურთელებს გაუტარებიათ. ამდენი დრო აპენინებზე არცერთი ინგლისელი არ დარჩენილა: დევიდ პლატს (ბარი, იუვენტუსი, სამპდორია), ტრევორ ფრენსისსა (სამპდორია, ატალანტა) და ქრის სმოლინგს (რომა) მხოლოდ ხუთი-ხუთი წელი უთამაშია, სხვებს კი უფრო ნაკლები.


ჯერი ჰიჩენსის, როგორც უბრალო მაღაროელი ბიჭის სურვილმა და გადაწყვეტილებამ, „ენახა, თუ რამდენად შორს წაიყვანდა მას თავისივე კარიერა“, საბოლოოდ ის სამშობლოში დავიწყებულ და გარიყულ მოთამაშედ აქცია. რამდენადაც ის იტალიაში უყვარდათ, იმდენად შორს იყვნენ მისი თამაშის დაფასებისგან სამშობლოში, განსაკუთრებით კი - ეროვნულ ნაკრებში.


ჯერი არჩიბალდ ჰიჩენსი 1983 წელს, უელსში გამართულ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მიღებული ტრავმის შედეგად, 48 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. მისი კარიერისა და ცხოვრების შესახებ არსებობს ავტორ საიმონ გუდიარის 2013 წელს გამოცემული ბიოგრაფიული წიგნი „მაღაროდან მილანამდე: ჯერი ჰიჩენსის ამბავი“, რომლის წინასიტყვაობაც ცნობილი ინგლისელი გოლეადორის, ჯიმი გრივზის დაწერილია.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

•ქართული

ქართული

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია
•ქართული

ქართული

"მადლობა 3-წლიანი საქმიანობისათვის" - ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ასისტენტმა დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მადლობა 3-წლიანი საქმიანობისათვის" - ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ასისტენტმა დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟურნალისტებმა გამოარჩიეს - კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის პრიზი გადაეცა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟურნალისტებმა გამოარჩიეს - კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის პრიზი გადაეცა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ისლამამდე თოფურიასთან ბრძოლის შეთავაზება არ მისულა" - მახაჩევის მენეჯერი

•ქართული

ქართული

,,ისლამამდე თოფურიასთან ბრძოლის შეთავაზება არ მისულა" - მახაჩევის მენეჯერი
•ქართული

ქართული

News image

2 სთ წინ

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

News image

3 სთ წინ

"მადლობა 3-წლიანი საქმიანობისათვის" - ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ასისტენტმა დატოვა

News image

3 სთ წინ

ჟურნალისტებმა გამოარჩიეს - კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის პრიზი გადაეცა

News image

3 სთ წინ

,,ისლამამდე თოფურიასთან ბრძოლის შეთავაზება არ მისულა" - მახაჩევის მენეჯერი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება