ლიდს იუნაიტედისა და ჩელსის ასოციაციის თასის ნახევარფინალი სკანდალით დასრულდა.
ლონდონის პოლიციამ დაადასტურა, რომ ლიდსის 16 გულშემატკივარი პასუხისგებაში მიეცემა მატჩის დროს ჰომოფობიური შეძახილების გამო.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით:
სტადიონზე ან მის გარშემო 14 პირი დავაკავეთ ისეთი სამართალდარღვევებისთვის, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, ჩხუბი და თავდასხმა საგანგებო სამსახურის თანამშრომელზე. კიდევ 18 ადამიანის მიმართ დაწყებულია საქმისწარმოება, მათ შორის 16 ლიდსის გულშემატკივარია, რომლებიც ჰომოფობიურ შეძახილებში იყვნენ ჩართულები
ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომლებიც 2022 წლიდან სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულად კლასიფიცირდა. გარდა ამისა, მატჩისას ისმოდა ჯიმი სავილთან დაკავშირებული შეძახილებიც, რასაც ლიდს იუნაიტედის ხელმძღვანელობა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
ჩვენი გულშემატკივრები ყოველ მატჩში ხდებიან ასეთი ამაზრზენი დაცინვის მსხვერპლები, რაც დღევანდელ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს. კლუბი ასევე გმობს ჩვენივე მხარდამჭერების მხრიდან ნებისმიერ საპასუხო შეძახილს
მიუხედავად დაძაბული ატმოსფეროსა და ტრიბუნებზე მომხდარი ინციდენტებისა, ჩელსიმ 1:0 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. პოლიცია და ფეხბურთის ასოციაცია აცხადებენ, რომ მომავალ მატჩებზეც ნულოვანი ტოლერანტობა ექნებათ მსგავსი დისკრიმინაციული ქმედებების მიმართ.