ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში რომასთან პარი სენ-ჟერმენმა ფრე (2:2) ითამაშა.
მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარიზელების ქულების დაკარგვა მეტოქის დამსახურებაა და არა ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს არყოფნის შედეგი.
ენრიკეს თქმით, რომას მაღალი ინტენსივობის პრესინგი ნებისმიერი შემადგენლობის პირობებში შეუქმნიდა სირთულეებს პარი სენ-ჟერმენს:
არა, ეს რომას დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, თუ რომელი ფეხბურთელები ითამაშებდნენ ამ მატჩში, უდავოდ პრობლემები შეგვექმნებოდა. როდესაც გუნდი ასეთი ინტენსივობითა და მენტალიტეტით მიმართავს პრესინგს, თამაში ძალიან რთულია. ამ სირთულეების შესახებ მატჩამდეც ვიცოდით, მაგრამ ერთია ამაზე საუბარი და სულ სხვაა ასეთ წნეხთან გამკლავება.
ეს მეტად რთულია. სწორედ ამიტომ იმსახურებს რომა იმაზე მეტ ქულას, ვიდრე ახლა აქვს. აღარ მინდა მათთან თამაში! შესაძლოა, მხოლოდ ფინალში. ისინი იმსახურებდნენ გამარჯვებას მადრიდის რეალთან, მანჩესტერ იუნაიტედსა და შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგაც.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ქულები დაკარგა. ხუთი ტურის შემდეგ პარიზული გუნდი 13 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ხოლო პირველ ადგილზე მყოფ მადრიდის რეალს ხუთი მოგებით 15 ქულა აქვს.
მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ლუის ენრიკეს გუნდი 8 დეკემბერს, სტუმრად, ასტონ ვილასთან გამართავს.