ნიჭიერი გერმანელი მცველი ლივერპულს კიდევ უფრო დაუახლოვდა.
გერმანულმა გავლენამ კლუბის თანამედროვე ეპოქაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, რაც დიდწილად იურგენ კლოპისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. კლოპმა თავისი მაღალი ინტენსივობის გეგენპრესინგით კლუბის იდენტობა სრულიად შეცვალა და წითლები მორწმუნეებად აქცია.
კლოპის შემდეგ ენფილდზე ახალი გერმანული ერა ფლორიან ვირცის მოსვლით დაიწყო. გერმანიის ნაკრების ვარსკვლავი კლუბის ახალ სახედ ითვლება, რომლის სანაცვლოდაც ლივერპულმა გასულ ზაფხულს სარეკორდო თანხა გადაიხადა. თუმცა, როგორც ჩანს, ვირცი კლუბში ერთადერთი გერმანელი არ იქნება. ლივერპული ცენტრალური მცველის ძიებას აქტიურად აგრძელებს, მით უმეტეს, რომ კონატეს მომავალი, რომლის კონტრაქტიც სეზონის ბოლოს იწურება, კვლავ გაურკვეველია. გარდა ამისა, ვირჯილ ვან დაიკისა და ჯო გომესის ხელშეკრულებები 2027 წელს იწურება.
Sky Sports-ის ინფორმაციით, კლუბის მთავარი სამიზნე ნამდი კოლინსია. გავრცელებული ცნობებით, კოლინსმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ლივერპულისკენ სვლად ჩაითვალოს. მან ცოტა ხნის წინ სააგენტო შეიცვალა და ამ ზაფხულს ტრანსფერი სურს. გერმანიის ნაკრების წევრი თავისი მონაცემებით ლივერპულისთვის იდეალური მოთამაშე ჩანს.
კოლინსი გამორჩეული სისწრაფითაა დაჯილდოებული. მისი სისწრაფე საშუალებას აძლევს, უკან ჩარბენილი მეტოქეები დააზღვიოს, ამასთანავე, ის თამაშსაც შესანიშნავად კითხულობს. ფიზიკურ მონაცემებთან ერთად, კოლინსი ბურთის ფლობის დროსაც ძალიან მშვიდია. მას უყვარს შეტევების უკანა ხაზიდან დაწყება და ბურთით წინსვლა, რაც ლივერპულის სტილს იდეალურად მოერგება.
გარდა ამისა, ნამდი ძლიერი და აგრესიულია ერთი-ერთზე ორთაბრძოლებში, რაც მას პრემიერ ლიგისთვის იდეალურ ფეხბურთელად აქცევს. აღსანიშნავია რომ მას შეუძლია როგორც ცენტრში, ისე ფლანგზე თამაში.
22 წლის ასაკში კოლინსი გუნდს არამარტო სიღრმეს შესძენს, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ძირითადის მოთამაშედ ჩამოყალიბების პოტენციალიც აქვს. აშკარაა, რომ ფეხბურთელი უკვე დგამს ნაბიჯებს, რათა ეს ტრანსფერი რეალობად იქცეს.