დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ მამისა და ლიონელ მესის შედარებაზე ისაუბრა:
„მიმდინარე ნაკრები ფინალში ხასიათის, თავდადებისა და მოგების სურვილის წყალობით გავიდა. ჩემი აზრით, მესის გარშემო აწყობილი ეს გუნდი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაჩემის 1986 წლის შემადგენლობა იყო. თუმცა, მაშინდელი ნაკრები ნამდვილ უცხოპლანეტელს ეყრდნობოდა, დღევანდელი კი – ადამიანებს შორის საუკეთესოს.
ვინც მათ ერთმანეთს ადარებს, ძალიან სულელია. ჯერ ერთი, თავად მესიმ თქვა, რომ ეს შედარება უადგილოა, რადგან დიეგო ნომერ პირველია. მეორეც, ფეხბურთი შეიცვალა – როგორ შეიძლება შეადარო მოთამაშე იმ ეპოქიდან, როცა მოედანზე ყველაფერი ნებადართული იყო (რტყმა, მუშტები, უხეშობა), დღევანდელ ფეხბურთელს, როცა უბრალო ფეხზე დაბიჯებისთვისაც კი პენალტს ნიშნავენ? და მესამე – უცხოპლანეტელებს ადამიანებს ვერ შეადარებ.
მესიმ ზედიზედ მეორე ფინალიც რომ მოიგოს და თუნდაც 10 მსოფლიო ჩემპიონატი აიღოს, ეს ამ შედარებაში მაინც არაფერს შეცვლის. ის კიდევ უფრო დიდი ფიგურა გახდება, მაგრამ დიეგო მუდამ ნომერ პირველად დარჩება“, – განაცხადა მარადონა უმცროსმა.