რუდიგერმა თანაგუნდელს სახეში სილა გააწნა - დაპირისპირება რეალის გასახდელში გრძელდება.
El Chiringuito-ს ჟურნალისტის, მარკოს ბენიტოს ინფორმაციით, ანტონიო რუდიგერსა და მის თანაგუნდელ ალვარო კარერასს შორის კონფლიქტი უკვე მეორედ მოხდა.
Onda Cero-ს ჟურნალისტმა, მიგელ სერანომ განაცხადა, რომ აპრილში, ალავესთან და ბეტისთან მატჩებს შორის პერიოდში, რუდიგერმა კარერასს სახეში გაარტყა. The Athletic-იც ადასტურებდა, რომ გერმანელ მცველს ერთ-ერთ პარტნიორთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც მან ბოდიში მოიხადა და მთელი გუნდი ოჯახებით ვახშამზე დაპატიჟა.
COPE-ს ჟურნალისტი მიგელ ანხელ დიასიც ადასტურებს დარტყმის ფაქტს, თუმცა მისი თქმით, ეს თებერვალში მოხდა. თავად ესპანელმა ფეხბურთელმა ხმებს ასე უპასუხა: „ეს იყო ერთჯერადი და უმნიშვნელო შემთხვევა, რომელიც უკვე მოგვარებულია“.
მიუხედავად ამისა, მარკოს ბენიტო ამტკიცებს, რომ კონფლიქტი ამით არ დასრულებულა: „ორი კვირის წინ რუდიგერი ვარჯიშზე კარერასს კვლავ დაუპირისპირდა. თანაგუნდელები იძულებულნი გახდნენ ჩარეულიყვნენ და ანტონიოსთვის ბოდიშის მოხდა ეიძულებინათ“.