კილიან მბაპეს მომავალი მადრიდის რეალში ფრანგული მედიის მთავარი განხილვის საგანი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამი წელი აკავშირებს, ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სპეკულაციებმა შესაძლო წასვლის შესახებ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
როგორც Mundo Deportivo იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ მბაპე კონტრაქტს ცალმხრივად დაარღვევს და კლუბს დატოვებს, მას სერიოზული იურიდიული და ფინანსური შედეგების წინაშე აღმოჩენა მოუწევს.
მსგავსი ნაბიჯი რეალს უფლებას მისცემს, ფიფას მეშვეობით სრული კომპენსაცია მოითხოვოს, რომელიც დაფარავს როგორც დაკარგული სატრანსფერო ღირებულების, ისე შემცვლელის ძიებასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და ზარალს.
გარდა ფინანსური ჯარიმებისა, 27 წლის ფრანგ ფორვარდს სპორტული სანქციებიც ემუქრება. რადგან მბაპე ჯერ კიდევ კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში იმყოფება, წესების ცალმხრივი დარღვევის შემთხვევაში, ფიფას გადაწყვეტილებით, მას ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობაზე 4-თვიანი (ხოლო დამძიმებულ გარემოებებში - 6-თვიანი) დისკვალიფიკაცია დაუწესდება.
მკაცრი სანქციების თავიდან აცილების ერთადერთ გზად კლუბთან შეთანხმებული და ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება რჩება, თუმცა სანამ გუნდი სანტიაგო ბერნაბეუზე ვილიარეალთან მატჩისთვის ემზადება, კილიანის ირგვლივ ატეხილი ხმაური კლუბში დაძაბულობას კიდევ უფრო აძლიერებს.