-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალში დაფიქრების დრო დადგა. კლუბი ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უფრო ძლიერია შტორმი, მით მეტი სიმშვიდეა საჭირო“.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნა, რაც გუნდი პრაქტიკულად უტიტულო სეზონისთვის გაწირა, სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს, თუმცა ხელმძღვანელობა აჩქარებას არ აპირებს. „სეზონი ჯერ არ დასრულებულა“, - აცხადებენ კლუბში.
შიდა ანალიზი მხოლოდ კონკრეტულ მატჩებს კი არ ეხება, არამედ მთლიან სეზონს, სადაც გუნდს კიდევ 7 ოფიციალური შეხვედრა დარჩა. სწორედ ეს თამაშები მოგვაწვდის საბოლოო დასკვნებისთვის საჭირო მონაცემებს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი ალვარო არბელოას ეხება, რომლის ბედიც ლა ლიგის დასრულების შემდეგ გადაწყდება. მწვრთნელის მუშაობა ზოგადად დადებითად ფასდება, თუ გავითვალისწინებთ კრიტიკულ მომენტებში ტრავმების სიმრავლეს (10 დაშავებული მოთამაშე, მათგან შვიდი სიტისთან მერვედფინალის წინ). თუმცა, მადრიდის რეალში მწვრთნელის საზომი ყოველთვის ტიტულებია. ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის დაკარგვის შემდეგ (ესპანეთის სუპერთასი ჩაბი ალონსოს ხვდა წილად), სიტუაციას მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს. კლუბს აქვს ალტერნატივები, თუმცა მათ შორის ჯერჯერობით არ განიხილებიან იურგენ კლოპი ან დიდიე დეშამი.
კიდევ ერთი მიზანი გუნდის განტვირთვაა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ პირველ გუნდში დაახლოებით 22 ფეხბურთელი დარჩეს, დანარჩენი კი ახალგაზრდული გუნდის წევრებით შეივსოს. კლუბში მიიჩნევენ, რომ წელს შემადგენლობა ზედმეტად გადატვირთული იყო, რამაც სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილება გამოიწვია.
ზოგიერთ მოთამაშეს დარჩენის მცირე შანსი აქვს. ყველაზე აშკარა ალაბაა, რომელსაც კონტრაქტი ივნისში ეწურება, და სებალიოსი, რომელიც მიუხედავად 2027 წლამდე არსებული ხელშეკრულებისა, სავარაუდოდ, წავა. რუდიგერსაც ეწურება კონტრაქტი, თუმცა გერმანელმა დარჩენის უფლება დაიმსახურა. განსაკუთრებული შემთხვევაა დანი კარვახალი, კლუბი პატივს სცემს კაპიტნის სურვილს, რომელიც მადრიდისთვის ნამდვილი ინსტიტუცია და ჩემპიონთა ლიგის ექვსგზის გამარჯვებულია.
ასევე, შესაძლოა გუნდი დატოვონ კამავინგამ და ასენსიომ, რომელთა მიმართ ბოლო კვირებში კრიტიკა გაიზარდა. ამავე ჯგუფში მოიაზრებიან ფრან გარსია და გონსალო.
კლუბის ანალიზი ყველა წევრს ეხება. მბაპე, ვინისიუსი და ბელინგემი პროექტის ქვაკუთხედად რჩებიან. მათ გვერდით იქნებიან კურტუა, ტრენტი, მილიტაო, ვალვერდე, ჩუამენი და არდა გიულერი. გასული ზაფხულის ახალწვეულები: ტრენტი, ჰეისენი და კარერასი, მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, კვლავ ნდობით სარგებლობენ.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები