მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ისლამ მახაჩევს პასუხობს.
,,ახლახან ვნახე ისლამ მახაჩევის ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორი რეაქცია მქონდა იან გარისთან მისი ბრძოლის ყურებისას.
თუმცა ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ჩემი რეალური რეაქცია როგორც ისლამის ბრძოლის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ.
როგორც ხედავთ, ბრძოლის შემდეგ ისლამს გამარჯვება მივულოცე. ასევე მივულოცე სოციალურ ქსელებში, X-სა და Threads-ზე.
კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო: მე მომწონს ისლამ მახაჩევი. ვფიქრობ, რომ ის დიდებული და თავმდაბალი ჩემპიონია. პატივს ვცემ იმ უდიდეს შრომას, რომელიც მან კარიერის განმავლობაში გასწია. მის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს.
თუმცა, როდესაც დავინახე, რომ მისმა გუნდმა ოქტაგონზე რუსეთის დროშა შეიტანა, გავბრაზდი. ჩემი ასეთი რეაქციის პირველი მიზეზი ისაა, რომ UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ხუთივე ბრძოლაში ოქტაგონზე არც საქართველოს და არც ამერიკის დროშის შეტანის უფლება არ მომცეს.
მეორე მიზეზი ჩემთვის ძალიან პირადულია, იმის გამო, რაც რუსეთის პოლიტიკამ და რუსეთის ხელისუფლებამ ჩემს ქვეყანას გაუკეთა. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული და ქართველ ხალხს ომების, ოკუპაციისა და ტანჯვის მძიმე ისტორია აქვს გამოვლილი.
რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ჩეჩნეთში მომხდარ საშინელ ძალადობაზე და დღესაც აგრძელებს უკრაინაში ადამიანების მკვლელობას.
ასევე, ერთი რამ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა: მე არ მძულს რუსი ხალხი. მე მძულს რუსეთის პოლიტიკა და რუსეთის ხელისუფლება. ჩემი პრობლემა ხელისუფლებასა და მის ქმედებებთანაა და არა რიგით რუს ადამიანებთან.
ჩემთვის კავკასიის ხალხებს, დაღესტნელებს, ჩეჩნებს, ინგუშებსა და რეგიონის სხვა ხალხებს საკუთარი იდენტობა, კულტურა და ისტორია აქვთ. მე პატივს ვცემ კავკასიის ხალხებს.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არასდროს ყოფილა პირადად ისლამის წინააღმდეგ მიმართული.
და ბოლოს, კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: რუსული მედია ყოველთვის პროვოკაციულ კითხვებს მისვამს და ისინი ამ ვიდეოს არასდროს თარგმნიან ობიექტურად და არც იმას აჩვენებენ, რასაც სინამდვილეში ვამბობ, რადგან ეს არ შეესაბამება იმ ნარატივს, რომლის შექმნაც მათ სურთ.
რეალობა ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება დიქტატორული და კორუმპირებულია. იქ სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და თუ რუსეთში რაიმეს გააპროტესტებ, ციხეში აღმოჩნდები. ეს ფაქტებია.
,,იანი საბოლოოდ გააჩუმებს" - მახაჩევმა დვალიშვილს უპასუხა