გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული რეკორდი დაამყარა.
მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის გერმანელი სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავდა, მისი დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, კოტ-დ’ივუარის წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:1) ნოიერმა მსოფლიო თასებზე თავისი 21-ე შეხვედრა გამართა და ახლა მუნდიალების ისტორიაში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
ამ მაჩვენებლით გერმანელმა მეკარემ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ჰუგო ლისს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც მუნდიალებზე ჩატარებული 20 მატჩი ფიქსირდებოდა. ფრანგმა გოლკიპერმა სანაკრებო კარიერა კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დაასრულა, რის გამოც მას რეკორდის გაუმჯობესების შანსი აღარ ჰქონია.
ნოიერს კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მინიმუმ ერთი შეხვედრა კიდევ ელის წინ - ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ეკვადორის წინააღმდეგ, სადაც გერმანია პლეი-ოფის საგზურის ოფიციალურად განაღდებას შეეცდება.