ოლექსანდრ უსიკი WBC-ის მძიმე წონის ტიტულს რიკო ვერჰუვენის წინააღმდეგ დაიცავს.
ბრძოლა 23 მაისს, ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან გაიმართება.
„მე გულწრფელად ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სპორტში ყველაზე მაღალ დონეს აღწევენ. რიკო ერთ-ერთი მათგანია, ძლიერი ათლეტი და დიდი ჩემპიონი. ის ნამდვილად კიკბოქსინგის მეფეა. ჩემპიონობა მხოლოდ ქამრებზე არ არის დამოკიდებული.
მზად ვარ და მოუთმენლად ველი მასთან რინგზე შეხვედრას. ეს ორივესთვის უნიკალური გამოცდილება იქნება, დიდი საღამო გველოდება!“ - განაცხადა უსიკმა.
„თორმეტი წელი ვიყავი მძიმე წონაში დაუმარცხებელი კიკბოქსინგის ჩემპიონი და მივაღწიე ყველაფერს, რაც მიზნად მქონდა დასახული. მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მწვერვალზე ყოფნამ შიმშილი არ დამიკარგა, პირიქით, უფრო გამიძლიერა.
უსიკი კრივში დაუმარცხებელია. სწორედ ასეთი გამოწვევა მაძლევს მოტივაციას. დაუმარცხებელი დაუმარცხებლის წინააღმდეგ. საუკეთესო საუკეთესოს წინააღმდეგ.“ - დაამატა ვერჰუვენმა.
მძიმე წონის სატიტულო ბრძოლა, სახელწოდებით „Glory in Giza“, ისტორიაში პირველი იქნება, რომელიც ეგვიპტეში გაიმართება.
The Ring-ის, WBC-ის, WBA-ის და IBF-ის ქამრების მფლობელმა უსიკმა (24-0, 15 ნოკაუტი) ბოლოს გასულ ზაფხულს ლონდონშ, უემბლის სტადიონზე იბრძოლა, სადაც დანიელ დიუბუა მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ვერჰუვენი კიკბოქსინგის ლეგენდაა და GLORY-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მძიმე წონის ჩემპიონი იყო. კრივში მან მხოლოდ ერთხელ იასპარეზა, 2014 წელს, სადაც მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. კიკბოქსინგში მისი რეკორდია 66-10, საიდანაც 21 ნოკაუტია.
უსიკი The Ring-ის რეიტინგით მსოფლიოს P4P №1 მოკრივეა და სამგზის, ორ წონით კატეგორიაში დაუმარცხებელი ჩემპიონია.