პარი ნიჟნი ნოვგოროდის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა ქართველი შემტევი, ვახო ბედოშვილი დაიმატა.
რუსულმა კლუბმა 21 წლის მოთამაშის უფლებები თბილისური ორბიდან შეისყიდა. ბედოშვილმა ნიჟნი ნოვგოროდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბედოშვილი თბილისის დინამოს პროდუქტია. მან პროფესიონალური კარიერა ორბიში დაიწყო და იჯარის წესით გარეჯშიც ითამაშა. მან საქართველოს ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და ეროვნულ ლიგაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბედოშვილმა კარგი თამაშით რამაზ სვანაძის ყურადღებაც დაიმსახურა, რომელმაც ის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა.
"მიხარია, რომ პარი ნიჟნი ნოვგოროდთან კონტრაქტი გავაფორმე და ახალ გუნდს შევუერთდი." - განაცხადა 21 წლის ფეხბურთელმა რუსულ კლუბში გადასვლის შემდეგ.