ბარსელონას ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, სოციალურ ქსელში ემოციურად უპასუხა თანაგუნდელ ფერმინ ლოპესის მიერ ხეტაფესთან მატჩში გამოხატულ მხარდაჭერას.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგის მორიგ ტურში ხეტაფე 2:0 დაამარცხა და საჩემპიონო რბოლა ფაქტობრივად დაასრულა. შეხვედრაში მთავარი როლი სწორედ ფერმინმა ითამაშა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა. გოლის აღნიშვნისას ესპანელმა ნახევარმცველმა იამალის საფირმო ჟესტი გამოიყენა, რითაც მხარდაჭერა გამოუცხადა 18 წლის ტალანტს, რომელიც მძიმე ტრავმის გამო მოედანს სეზონის ბოლომდე ჩამოცილდა.
VIDEO: ბარსელონამ ხეტაფე დაამარცხა და რეალთან სხვაობა გაზარდა
ბარსელონას აღზრდილმა იამალმა მალევე უპასუხა მეგობრის ამ კლასიკურ ჟესტს. მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფერმინის ფოტო გამოაქვეყნა და მოკლე, მაგრამ თბილი ტექსტი დაურთო:
ფერმინ, მიყვარხარ ჩემო ძმაო, ნომერი პირველი ხარ!
ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონა მადრიდის რეალთან 11-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს, რაც ხუთი ტურით ადრე ტიტულის ბედს პრაქტიკულად გადაწყვეტილს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ იამალი კლუბს წელს ვეღარ დაეხმარება, გუნდში არსებული ატმოსფერო და ფეხბურთელებს შორის მჭიდრო კავშირი კატალონიელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.