პსჟ სამშაბათს ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ლუის ენრიკეს სანერვიულო მაინც ჰქონდა. ენფილდზე გამართული მატჩის (2:0) პირველ ტაიმში მოედანი ნუნუ მენდეშმა დატოვა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ტრავმა დეზირე დუემ მიიღო.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე გულშემატკივრების დამშვიდებას შეეცადა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელების მდგომარეობა საგანგაშო არ იყო. RMC Sport-ის ინფორმაციით, ესპანელი მწვრთნელი მართალი აღმოჩნდა. დუემ მუხლი დაიზიანა მას შემდეგ, რაც დომინიკ სობოსლაიმ სარეკლამო ბანერებისკენ ჰკრა ხელი. ის მომდევნო ორ დღეს მკურნალობას დაუთმობს, შემდეგ კი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
რაც შეეხება მენდეშს, მას მარჯვენა ბარძაყის არეში დისკომფორტი აწუხებს. მოსალოდნელია, რომ ისიც ორდღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და დარბაზში იმუშავებს. თავისი თანაგუნდელის მსგავსად, ნუნუ მენდეშიც კვირის ბოლომდე დაუბრუნდება საერთო ჯგუფს. პარიზელები კვირას ღამით ოლიმპიკ ლიონს დაუპირისპირდებიან.