უსმან დემბელე, რომელმაც 2025 წელს „ოქროს ბურთი“ (Ballon d'Or) მოიგო, თავის პრესტიჟულ ჯილდოს საკმაოდ მოკრძალებულ ადგილას ინახავს.
ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ, პსჟ-ს ვარსკვლავმა ტიერი ანრის კითხვას ბავშვური გულწრფელობით უპასუხა.
„ჯილდო ტელევიზორის წინ მიდევს. იცით, როგორც ბავშვობაში ხდება ხოლმე, როცა დედაშენი თასებს ტელევიზორის გვერდით დებს“, - იხუმრა დემბელემ CBS Sports Golazo-ს ეთერში. ამ პასუხმა სტუდიაში მყოფი ანალიტიკოსები და თავად ტიერი ანრიც გაამხიარულა.
დემბელეს ბენეფისი ენფილდზე
სამშაბათს ღამით გამართულ შეხვედრაში დემბელე მოედნის ნამდვილი ბატონ-პატრონი იყო. მან დუბლი შეასრულა (72-ე და 91-ე წუთებზე) და პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოუპოვა. მიმდინარე ევროპულ სეზონში ეს მისი მე-4 გოლი იყო.
მატჩის შემდეგ ინტერვიუში მან ასევე იხუმრა თავის ინგლისურზე: „ჩემი ინგლისური ცუდია“, - აღნიშნა ღიმილით და საუბარი მშობლიურ ენაზე განაგრძო.
ანრის ქება და დემბელეს ფორმა
არსენალის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, თანამემამულის თამაში უმაღლეს დონეზე შეაფასა: „ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ მომენტების რეალიზებას დახვეწდი, შენი შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა. ბრავო!“.
2024/25 წლების სეზონი დემბელესთვის კარიერაში საუკეთესოა. მან ყველა ტურნირზე 16 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, რამაც მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოუტანა.