არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
30 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თითქმის სამკვირიანი ლოდინი დასრულებულია - მოვიდა დღე, რომელსაც ერთბაშად ოთხ ქვეყანაში მოუთმენლად ელოდნენ - დღეს, 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და მილანის ინტერი დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომ საკლუბო ფეხბურთში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, ამაზე არავინ დავობს. თუმცა, წელს მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმიტომ, რომ დღის ბოლოს, საქართველოს შესაძლოა დამოუკიდებლობის ისტორიაში მეორე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჰყავდეს - ხვიჩა კვარაცხელია თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას მიუნხენში, დიდებულ ალიანც არენაზე გამართავს.
ალბათ გაგიკვირდათ, როცა დასაწყისში ოთხი ქვეყანა ვახსენე, მაგრამ არ შევმცდარვარ - დღეს დღესასწაულს ელიან როგორც საფრანგეთსა და იტალიაში, ისე გერმანიაში, სადაც ფინალი ტარდება და ერთ, პატარა, 3.5-მილიონიან საქართველოშიც, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელიც ფინალში ითამაშებს.
18 წელია, საქართველო ფინალს ასე ერთიანად და მოუთმენლად არ დალოდებია. 18 წელია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ქართველს არ მიუღია მონაწილეობა და როგორც იქნა, ეს ლოდინი დამთავრდა და მიუნხენის მწვანე მინდორზე ერთი ქართველი ირბენს, რომელმაც ყველა მისი თანამემამულე ბავშვის ოცნება რეალობად აქცია და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე თავის პირველივე პარიზულ სეზონში მივიდა.
ის, რაც ვარსკვლავებს არ გამოსვლიათ
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიული მიღწევის წინაშე დგას - მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მის ამჟამინდელ გუნდს ლეო მესისთან, ნეიმართან და კილიან მბაპესთან ერთად არ გაუკეთებია. კერძოდ კი, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. 2011 წლიდან, ანუ პსჟ-ს მიერ კატარელი შეიხების ყიდვის დღიდან, ამ ტურნირის მოგება პარიზული კლუბის მთავარი მიზანი იყო, რომლისაკენ მიმავალ გზაზეც გუნდს უამრავი წარუმატებლობა, უიღბლობა და ლუზერის იარლიყის მიკრობაც შეხვდა წილად.
არაფერი მოასწავლებდა პსჟ-ს ფინალში გასვლას მიმდინარე სეზონის მსვლელობისასაც, რომლის პირველ ნახევარშიც პარიზი საშინლად გამოიყურებოდა და ტურნირიდან ნაადრევად გამოვარდნასთან ერთ ნაბიჯში იყო. ყველაფერი კი თავდაყირა სწორედ კვარას ტრანსფერის დადასტურების შემდეგ დადგა. პსჟ-ს ჯერ კიდევ ხვიჩას გარეშე ორი მოგების მოპოვება სჭირდებოდა სიტისთან და შტუტგარტთან, რათა გაზაფხულში პლეიოფში მონაწილეობა გაენაღდებინა. საბედნიეროდ, ამ ამოცანას ლუის ენრიკეს გუნდი ქართველის გარეშეც მოერია და ამის შემდეგ, საქმეში უკვე ჩვენი ბიჭიც ჩაერთო.
ბევრი ხუმრობს, რომ ფინალისაკენ მიმავალ გზაზე პსჟ-მ პრემიერ ლიგაც მოიგო და ამ მოსაზრებას თავისი მიზეზები აქვს. 1/8 ფინალში მოსახვედრად გუნდს ფრანგულ ბრესტთან მოუწია თამაში და ორი მატჩის ჯამში 10:0 მოუგო, ამის შემდეგ კი მხოლოდ ინგლისურ გუნდებს ეთამაშა - ჯერ ლივერპული გამოაგდო პირველი თამაშის შინ წაგების მიუხედავად, შემდეგ ასტონ ვილას ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ტურნირის მოქმედი ჩემპიონის, მადრიდის რეალის გამნაწყენებელი არსენალი გაუშვა სახლში და ფინალში მონაწილეობის უფლება სრულიად დაიმსახურა.
პარალელურად, პსჟ-ზე ბევრად დამაჯერებლად გაიარა საწყისი ეტაპი და საერთო ფაზა ინტერმა, რომელმაც 8 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და მეოთხე ადგილზე გავიდა, რითაც პირდაპირ მერვედფინალში დაიბევა ადგილი.
1/8 ფინალში სიმონე ინძაგის გუნდმა ფეიენოორდი არ შეიმჩნია, შემდეგ ბაიერნს გასცდა და ბევრის აზრით ტურნირის მთავარ ფავორიტ ბარსელონას მიადგა კარს, რომელთანაც ისტორიაში საუკეთესო ორმატჩიანი ნახევარფინალები გამოაცხო და ორი მატჩის ჯამში 7:6 მოიგო. ისე, რომ გავარდნასთან ზუსტად ორწუთნახევარში იყო. თუმცა, ინძაგის გუნდმა შეუძლებელიც შეძლო, ზომერმა იამალს ყველაფერი აუღო, რისი აღებაც შესაძლებელი იყო, აჩერბის გამათანაბრებელმა და ექსტრა-ტაიმში გადამყვანმა გოლმა კი ინტერის წარმოუდგენელი გზა იდეალურად დააგვირგვინა.
ასეა თუ ისე, ვერცერთ გუნდზე ვერ იტყვი, რომ პლეიოფში ნაჩვენები თამაშით ფინალში ყოფნა არ დაუმსახურებია, ამიტომ ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოახლოვებულ დაპირისპირებას.
უბრალოდ პსჟ - ინტერის გარდა, ეს იდეოლოგიების და მიდგომების დაპირისპირებაც არის. ერთის მხრივ ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული პარიზი, რომელიც ახალწვეულებში ფულს არ იშურებს, მეორე მხრივ კი ასაკოვანი ინტერი, რომელსაც გუნდის ძირითადი ბირთვი ან ორ კაპიკად, ან სულაც უფასოდ ჰყავს აწყობილი.
ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად მონაწილეობის მიუხედავად, ბედმა ამ ორ გუნდს ისტორიაში პირველი შეხვედრა სწორედ ფინალში არგუნა - აქამდე, ინტერისა და პსჟ-ს გზები ოფიციალურ მატჩებში არ გადაკვეთილა.
სტატისტიკური მონაცემები და მისტიკა ორივე გუნდს უმაგრებს ზურგს: ერთის მხრივ, მიუნხენში აქამდე გამართული 4-ვე ფინალში გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელიც იქამდე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არ ყოფილა, დღეს კი ასეთი პარიზი იქნება მოედანზე. მეორეს მხრივ კი, 2008 წლიდან დღემდე, ჩემპიონთა ლიგას ან რეალი იგებს, ან ბარსელონა, ანაც ის გუნდი, რომელმაც გზად რომელიმე მათგანი გამოთიშა ტურნირს. ასეთი კი, როგორც ხვდებით, მოედანზე ინტერი იქნება.
ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებები ვახსენეთ და აუცილებლად უნდა გითხრათ ფინალების სტატისტიკაც: პსჟ ისტორიაში მეორე ფინალს ითამაშებს, პირველი გუნდმა 2020 წელს ბაიერნთან 0:1 წააგო. ინტერისთვის კი ეს მე-7 ფინალური მატჩი იქნება და აქამდე, გუნდმა 3 მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. უკანასკნელი გამარჯება 2010 წლით თარიღდება, როცა ჟოზე მოურინიოს ინტერმა ბაიერნს 2:0 მოუგო, ბოლო მარცხი კი ორი წლის წინ, 2023-ში, სიტისთან შედგა (0:1).
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა
ინტერი: ზომერი, პავარი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ლაუტარო, ტურამი.
მატჩს ორივე გუნდი დიდი დანაკლისის გარეშე ხვდება, პარიზს არავინ დააკლდება, ინტერი კი ბისეკსა და ჟელინსკის მოისაკლისებს.
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები