ინგლისის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უელსს 3:0 მოუგო. გოლები მორგან როჯერსის, ოლი უოტკინსისა და ბუკაიო საკას ანგარიშზეა.
საკამ ნაკრების რიგებში თავი მე-13-ედ გამოიჩინა, რითაც, არსენალის ფეხბურთელთაგან, ინგლისის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - კლიფ ბასტინის შედეგი (12 გოლი) გააუმჯობესა.
მეთოფეების ლიდერს აღნიშნული 13 გოლი 45 შეხვედრაში აქვს გატანილი. მისი სადებიუტო გოლი 2021 წლის ივნისით თარიღდება, როცა ავსტრიის ნაკრებს, ასევე ამხანაგურ თამაშში, გაუტანა. 13 გოლთან ერთად, 8 ასისტი აქვს აქტივში.
ინგლისელები უელსს საწყისი 20 წუთის შემდეგ უკვე 3:0-ს უგებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამ ლომს საწყის 20 წუთში 3 გოლი 1987 წლის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი - მაშინ იუგოსლავიასთან შეაგდეს.
საინტერესოა ისიც, რომ გუშინდელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში არც ლივერპულის, არც ჩელსისა და არც მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი იყო - ასეთი რამ 1992 წლის ივნისის (საფრანგეთთან) შემდეგ პირველად მოხდა.
ტომას ტუხელის გუნდი 14 ოქტომბერს, ამჯერად საკვალიფიკაციოს ეგიდით, სტუმრად ლატვიას შეხვდება.