4 გოლი 33 წუთში და ლინეკერის მიერ განადგურებული ესპანეთი
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდისთვის უჩვეულოდ, თოვლისგან ატალახებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, 1987 წლის 18 თებერვალს გამართული ესპანეთი-ინგლისის ამხანაგური მატჩი უფრო იმით იყო გამორჩეული, რომ „ფურია როხას“ კარში მანამდე 4 გოლი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია გატანილი. გარი ლინეკერმა კი ეს ყველაფერი უმარტივესად ქნა და საამისოდ მხოლოდ 33 წუთი დასჭირდა. იმ დღიდან გასული თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც კი არცერთ ფეხბურთელს არ გაუმეორებია მისი მიღწევა.
ყველასთის ცნობილია, რომ 1980-იანი წლების ესპანეთის ნაკრები რადიკალურად განსხვავებული იყო დღევანდელი, შთამბეჭდავი და ტიტულოვანი საფეხბურთო ძალისგან, როგორიც პირენეელთა დღევანდელი ეროვნული გუნდია. მიუხედავად ამისა, გარი ლინეკერის პოკერი მასპინძელთა კარში საყოველთაო აღიარებასა და დაფასებას უდავოდ იმსახურებს.
ესპანელებმა მეტოქეებს ამხანაგური შეხვედრისთვის ნაცრისფერი ცა და გვიანი ზამთრის მძაფრი ქარი დაახვედრეს, თუმცა ამ სუსხიან სანახაობაში „სამი ლომის“ სუპერფორვარდი უკვე საკუთარ სახლში გრძნობდა თავს - ის ხომ „ბარსელონას“ წევრი იყო და ამ შეხვედრამდე სამი კვირით ადრე, მისთის პირველივე „ელ კლასიკოში“ რეალ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი ჰქონდა შესრულებული ბარსელონას „კამპ ნოუზე“.
შეხვედრაში ანგარიში „რეალის“ ლეგენდამ, ემილიო ბუტრაგენიომ მე-14 წუთზე, ასევე მადრიდელი ჩენდოს აქტიურობის შემდეგ გახსნა, რასაც 23-ე წუთზე ლინეკერის გამათანაბრებელი მოყვა - ლესტერში დაბადებულმა თავდამსხმელმა დაბნეულ მცველებს თავით დაასწრო. ოთხიოდე წუთში ბობი რობსონის გუნდი წინ გავიდა: ლინეკერმა ისევ მასპინძელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა...
მეორე ტაიმის სტარტზე ლინეკერმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, კიდევ ათ წუთში კი - პოკერი. მასპინძლებმა სხვაობა ამის შემდეგღა შეამცირეს, თავი „სევილიელმა“ რამონ ვასკეს გარსიამ გამოიჩინა და შეცვლაზე შესულ ქრის ვუდსის კარში გატანილი ბურთით საბოლოო ანგარიში 2:4 დააფიქსირა.
"Fackin’ hell!..." - კოკნის დიალექტზე ტერი ვენეიბლზის მიბაძვით ბურტყუნებდა მეკარე ანდონი სუბისარეტა და მატჩისშემდგომ წარმოქმნილ ხალხის მორევში ინგლისის ნაკრების გასახდელისკენ მიიწევდა, რათა „ბარსელონაში“ თავისი თანაგუნდელის, მატჩის გმირ გარი ლინეკერისთვის გამარჯვება მიელოცა...
სხვათა შორის, მეორე დღეს კატალონიურმა გამოცემამ Sport, საგაზეთო სტატია ასე დაასათაურა: „კატალონიელმა ფეხბურთელმა ოთხი გოლი გაიტანა“, ერთადერთი ინგლისელი კი, რომელიც გარი ლინეკერის ბრწყინვალე ასპარეზობით უკმაყოფილო დარჩა ბობი რობსონი იყო, რომელმაც ჩვეული ირონიით განაცხადა: "Gary scored four but hit the post twice. He should have had six!"
1987 წ. 18 თებერვალი, მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“, 35 000 მაყურებელი.