VIDEO: გულიაშვილის დუბლი და ასისტი - რასინგმა მდევართან უპირატესობა გაზარდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში ცხრილის პირველ და მეორეადგილოსნების მატჩი გაიმართა.
ლიდერი რასინგი მდევარ კასტელონს ესტუმრა. მატჩამდე გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო.
სანტანდერელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი გულიაშვილი, რომელმაც მოედანზე 67 წუთი გაატარა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართველი მატჩის გმირი გამხდარიყო.
მე-19 წუთზე ანგარიში სწორედ გულიაშვილმა გახსნა. გიორგიმ მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა გოლი. 34-ე წუთზე ქართველმა საგოლე პასი მიითვალა, თავი კი ალვარო მანტილიამ გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
42-ე წუთზე ერთი ერთზე გასულმა გიორგი გულიაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა. მომენტს VAR ამოწმებდა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა არ დაფიქსირდა.
მეორე ტაიმში კასტელონმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და რასინგმა მატჩი 1-3 მოიგო, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი სწორედ ქართველი შემტევი გახდა.
სანტანდერელებს ამ მოგებით 53 ქულა დაუგროვდათ და მდევარ კასტელონს უკვე 4 ქულით უსწრებენ, ეს კი ლა ლიგაში დაწინაურებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
რაც შეეხება გიორგი გულიაშვილს, ეს ესპანეთში ქართველის პირველი საგოლე მოქმედებები იყო და მან თავის მონაგარს ერთბაშად 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუმატა.