-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯერ ჯონ სტოუნზი, შემდეგ ჯედ სპენსი, ბოლოს კი კერტის ჯონსი - ინგლისელთა ხმაურიანი გადაბარგება მილანის „ინტერნაციონალეში“ ადასტურებს იმას, რომ პრემიერ ლიგის ფეხბურთელებისთვის იტალია ისევაა მიმზიდველი მიმართულება. საინტერესოა ისიც, რომ „ნერიაძურიმ“ ამ ზაფხულს იმდენივე ინგლისელი გაიფორმა, რამდენიც არსებობის წინა 118 წლის განმავლობაში ჰყავდა.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა სტერეოტიპი, რომ ბრიტანელი ფეხბურთელები მოუმზადებელნი იყვნენ საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი იტალიაში თამაშთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად, თუმცა ამ წესს რამდენიმე გამორჩეული გამონაკლისიც ჰყავდა.
უელსელი ჯონ ჩარლზი „იუვენტუსის“ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება, მისი თანამემამულე იან რაში დღემდე ამტკიცებს, თითქოს არასდროს უთქვამს, რომ იტალიაში გატარებული მისი ერთადერთი სეზონი „უბრალოდ უცხო ქვეყანაში ცხოვრებას“ ჰგავდა, ინგლისელი პოლ ინსი კი მუდამ ამაყობდა იმით, რომ „ინტერში“ გატარებული ორი სეზონი მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო...
ზოგადად კი, მე-20 საუკუნეში იტალიაში ცოტა ბრიტანელი გადავიდა და მათგან წარმატებას კიდევ უფრო ცოტამ მიაღწია. ინგლისელებს გარემოსთან შეგუება განსაკუთრებით უჭირდათ. ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც ჯიმი გრივზი და პოლ გასკოინი არიან, სერია A-ში წარმატებისთვის აშკარად აკლდათ პროფესიონალიზმის სათანადო დონე. შედეგად, საფეხბურთო საზოგადოებაში დამკვიდრდა საერთო აზრი, რომ ბრიტანელებისთვის უმჯობესი იყო ალბიონზე დარჩენა.
იტალიაში გარიყული ინგლისელი ვარსკვლავი
„დიდი ხნის განმავლობაში ინგლისელ ფეხბურთელებს საზღვარგარეთ წასვლა არ სურდათ, მაგრამ ახლა ყველა თანახმაა“, - განუცხადა Sky Sports-ს „ფიორენტინას“ ყოფილმა მცველმა მაიკა რიჩარდსმა.
„ინტერის“ ინგლისელ ტრიოს „სან სიროზე“ მისვლის საკუთარი მიზეზები ჰქონდა. მაგალითად, სტოუნზი მაისში 32 წლის გახდა და „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა, თანაც მთელი კარიერა სამშობლოში, აქედან ერთი დეკადა კი მხოლოდ „სიტიში“ გაატარა, ამიტომ საზღვარგარეთ გადასვლის პერსპექტივამ „სამი ლომის“ მცველი ძალიან გაახარა.
„ეს ის იყო, რისი გაკეთებაც პირადად მინდოდა. როდესაც ეს შანსი გამოჩნდა, ოჯახთან ერთად განვიხილე და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოსვლა გვსურდა. მინდა ახალი რამე ვისწავლო, გავიგო თამაშის ახალი სტილი და ახალი ჩემპიონატი გამოვცადო. მოუთმენლად ველი ჩემი ცხოვრების ამ ახალი თავისა და მოგზაურობის დაწყებას. უკეთეს ადგილს ამისთვის ვერც წარმოვიდგენდი“, — ასე განუმარტა ცენტრალურმა მცველმა „ინტერის“ მედიაარხს.
იმის გათვალისწინებითაც კი, რომ სერია A აღარ არის მსოფლიო ფეხბურთის დომინანტი ლიგა, ზოგიერთი მას მაინც მცველის დისციპლინის უმაღლეს გამოცდად მიიჩნევს.
„ინგლისში ინტენსივობა ასეთია: უნდა მივაწვეთ, მათზე მეტი ვირბინოთ, აქ კი ყველაფერი მენტალურ დონეზეა, არა მხოლოდ მატჩისთვის მომზადებისა და გარე ზეწოლის ან გულშემატკივართა მოლოდინების მართვის კუთხით. აქ უზომოდ აფასებენ კონცენტრაციასა და თამაშში 90 წუთის განმავლობაში სრულ ჩართულობას. შეიძლება გეგონოს, რომ ადვილია, მაგრამ რეალურად ბევრად რთულია მატჩში მთელი 90 წუთის განმავლობაში დარჩენა, რადგან აქ გუნდები სწორედ იმ ერთ მომენტს ელოდებიან, როდესაც 11 მოთამაშიდან ერთი შეცდომას დაუშვებს, რომ მერე მტკივნეულად დაარტყან. კონცენტრაციის კუთხით ასეთი ინტენსივობის შენარჩუნება, იმის გაცნობიერება, რომ შეცდომის უფლება არ გვაქვს ან მინიმუმი უნდა დავუშვათ, უდიდესი გამოწვევაა. ცხადია, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ მატჩის მოსაგებად მათი მინიმუმამდე დაყვანაა საჭირო. თავისთავად, ესეც უდიდესი ინტენსივობაა და სწორედ ამას მივეჩვიე აქ ჩამოსვლისას“, — უთხრა The Athletic-ს „მილანისა“ და ინგლისის ნაკრების მცველმა ფიკაიო ტომორიმ.
რაც შეეხება სპენსს, მას იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, რადგან 2023-24 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ჯენოაში“ გაატარა და იტალიაში დაბრუნებით ახლაც უზომოდ ბედნიერია.
„უცხოეთში თამაშისას უამრავ რამეს სწავლობ. შემიძლია ვთქვა, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას სრულფასოვან მოთამაშედ ჩამოვყალიბდი და ამ გამოცდილებისთვის მადლიერი ვარ“. - აღნიშნა ინგლისელმა უნივერსალურმა მცველმა.
საინტერესოა, რომ სპენსი არ ეთანხმება იმ აზრს, თითქოსდა აპენინის ნახევარკუნძულზე გადასვლას სანაკრებო ამბიციებზე რაიმე უარყოფითი გავლენა ექნება, არადა გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მუშაობის პერიოდში, სერია A-ში თამაშმა ტომორის ნამდვილად შეუქმნა გარკვეული პრობლემები...
მილანის შავ-ლურჯ მხარეში მოხვედრით კმაყოფილია კერტის ჯონსიც, რომელსაც „ლივერპულის“ რიგებში უთამაშია „ინტერნაციონალეს“ წინააღმდეგ.
„ესაა გუნდი, რომელსაც ბურთის ფლობა ძალიან უყვარს. აქ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი გოლების გატანა, საგოლე გადაცემების გაკეთება და უამრავი მომენტის შექმნა შეუძლიათ. ფიზიკურად იგრძნობა, თუ როგორი შეკრულია ჩვენი გუნდი. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ტოლსწორად პაექრობა შეგვიძლია“, — განუცხადა ნახევარმცველმა კლუბის ოფიციალურ ვებსაიტს.
ფიკაიო ტომორიმ „მილანში“ გადასვლამდე „ჩელსიში“ ყოფილ თანაგუნდელს, რუბენ ლოფტუს-ჩიკს უამბო „ჯუზეპე მეაცაზე“ არსებული გასაოცარი ატმოსფეროს შესახებ და როდესაც ტემი აბრაჰამმა „რომას“ შეთავაზებაზე დაიწყო ფიქრი, ტომორიმ მას დაურეკა და უთხრა: „ძმაო, ეს მართლაც შესანიშნავი ლიგაა!“
ცხადია, იტალიის პირველობა უკვე აღარაა ისეთი, როგორიც თავის ოქროს ხანაში — 90-იანებსა და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში იყო, როდესაც მსოფლიოს ყველა საუკეთესო ფეხბურთელი იტალიაში იყრიდა თავს, მაგრამ მართალია ის მოსაზრებაც, რომ სერია A ძალიან დაუფასებელი ლიგაა.
უნდა ვახსენოთ სკოტ მაკტომინეიც, რომელმაც სერია A-ში საკუთარი თამაში სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. შოტლანდიელი ვარსკვლავი იმ კატეგორიის ფეხბურთელი იყო, რომელსაც მთელი კარიერა ერთ კლუბში („მანჩესტერ იუნაიტედი“) ჰქონდა გატარებული, სანამ სათამაშო პრაქტიკისა და სასურველ პოზიციაზე დამკვიდრების მიზნით იტალიას მიაშურებდა. ორი წლის შემდეგ კი, ლანკაშირში დაბადებული მაკტომინეი სკუდეტოს მფლობელია და „ნაპოლის“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის სტატუსიც მოიპოვა. შოტლანდიელმა შემტევმა შუახაზელმა აბსოლუტურად ყველაფერი შეიყვარა ადგილობრივ კულტურაში: ენა, ისტორია, არქიტექტურა, ტრადიციები და სამზარეულო.
„ეს ჩემთვის უზარმაზარი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც უბრალოდ რისკზე უნდა წახვიდე. სერია A-ში წარმატებული სტარტი არაა მარტივი. აქ ბევრი ფეხბურთელი გადმოდის, მაგრამ ფეხის მოკიდება უჭირს, რადგან ის განსხვავდება პრემიერ ლიგისგან. აქ მეტი ტაქტიკაა. ასე რომ, საზღვარგარეთ წასვლა იოლი სულაც არაა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი საკმაოდ მარტივად წარიმართა, რაშიც უდიდესი წვლილი იტალიელების მხრიდან გამოჩენილმა მხარდაჭერამ შეიტანა“, — უთხრა მან The Times-ს.
შესაძლოა, მეტისმეტად ოპტიმისტურია იმის მოლოდინი, რომ „ინტერის“ ტრიო იტალიაში ზუსტად ისეთივე ფურორს მოახდენს, როგორიც სკოტ მაკტომინეის ჰქონდა, მაგრამ იმის ფონზე, რომ სერია A-ს საუკეთესო გუნდს შეუერთდნენ, გასაკვირი არ იქნება, თუკი ინგლისელები წარმატებას იქ მიაღწევენ, სადაც ბევრ სხვა ბრიტანელს არაფერი გამოუვიდა. სწორედ ამ ერთი მიზეზის გამოც კი, იტალია ძველ რომანტიკოს ბრიტანელებთან შედარებით დღეს ბევრად ნაკლებად უნდა ჰგავდეს „უბრალოდ უცხო ქვეყანაში ცხოვრებას“.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები