-
Aa
+
ფონტის ზომა
2026-27 წლების სეზონის პირველ თვეში ენცო პასკუალეს ძე მარესკა პეპ გვარდიოლას ჭეშმარიტ მემკვიდრედ მოსჩანდა.
მანჩესტერ სიტიმ ხომ სეზონი ზედიზედ რვა გამარჯვებით გახსნა - მათ შორის იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი გასვლითი ტრიუმფები მანჩესტერ იუნაიტედსა და ლივერპულთან, მაგრამ „ქალაქელების“ თავზე პრემიერ ლიგის ფინანსურ საქმეზე გამოტანილი საჩოთირო განაჩენის შავი ღრუბლები შეიყარა და გუნდიც თოკის მგრეხავივით ნელ-ნელა უკან-უკან წავიდა...
გვარდიოლას მიერ დანერგილი სტილისა და ლამაზი ფეხბურთის თამაშის გაგრძელებით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზაფხულის საკადრო წმენდის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი რაღაც განსაკუთრებულს აკოწიწებდა, თუმცა, სიტის ქომაგთა საუბედუროდ, ეს ნაჯაფარი იმაზე ბევრად სწრაფად აორთქლდა, ვიდრე ყველაზე პესიმისტურ სიზმარში წარმოიდგენდნენ.
ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო შვიდი მატჩიდან მანჩესტერ სიტიმ მხოლოდ ერთი მოიგო, ისიც გვარიანი ჭიფხვით - გერმანიაში ლაიპციგთან (3:2), ხოლო „კარაბაოს“ თასად წოდებულ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში მხოლოდ მას შემდეგ გაძვრა, რაც ძირითად დროში 2:2-ის შემდეგ ბრაიტონ & ჰოუვ ალბიონს პენალტების სერიაში აჯობა. პრემიერ ლიგაში ენცოს შეგირდებმა ჯერ ასტონ ვილასთან, იმავე ბრაიტონთან და ნოტინგემ ფორესტთან შეირცხვინეს ულვაში, შემდეგ კი საკუთარ კედლებში გაჭირვებულ ფულჰემთან 1:1-ს დასჯერდნენ, რამაც სიტი ლიდერ არსენალს მთელი ექვსი ქულით ჩამოაშორა.
სამშაბათს მშვენიერი შანსი იყო ხასიათის გამოსაკეთებლად, რადგან მარესკას კრებული მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით თავისუფალ ვარდნაში მყოფ ნაპოლის მასპინძლობდა, მაგრამ „ქალაქელებმა“ ეს შანსიც ქარს გაატანეს: ძლივს გამოწურულმა ფრემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ავტომატურად მოხვედრის იმედებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.
სიტი ნამდვილ ქაოსშია, წინ კი სტუმრად „ემირეითს სთედიუმზე“ გასამართი, ლამის საჩემპიონო ჯახია არსენალთან, რომელიც ტიტულის დასაცავად უზარმაზარი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება.
თუკი მარესკამ გუნდს ერთიანობის განცდა ვერ დაუბრუნა, გამარჯვების სურვილი ვერ შთაბერა და მოქმედ ჩემპიონთანაც თავი მოიჭრა, ჯიბესქელ ხალდუნ ალ-მუბარაქს შესაძლოა, იმაზე ფიქრი მოუწიოს, შემოსვას თუ არა იტალიელი იმავე ჩემოდანზე, რომლითაც აპენინებიდან ალბიონზე ჩამობრძანდა და ინგლისიდან ისევ უკან იტალიაში წააბრძანოს.
„სიტის დაუცველობა ეტყობა. მათ წინააღმდეგ შეტევის გაშლა ზედმეტად ადვილია და ეს სერიოზული პრობლემაა. ისინი სულაც არ ჰგვანან გუნდს, რომელსაც კარის მშრალად შენახვა შეუძლია და ბოლოდროინდელი ჩავარდნის სტატისტიკაც სწორედ ამაზე მეტყველებს. ახლა მათი დაცვის გარღვევა თითქმის ყველას უმარტივესად გამოსდის. მეტოქეები წინ იტყუებენ სიტის და შემდეგ სივრცეებს იყენებენ ან დაბალი პასებით, ან ზურგს უკან გრძელი გადაცემებით, რომლებსაც მცველები გაზონზე დაშვებას არც უნდა აცდიდნენ“, - განაცხადა ვეტერანმა ინგლისელმა მარცხენა მცველმა, ერთ დროს სიტის მაისურით მოასპარეზე სტიუარტ პირსმა talkSPORT-თან ინტერვიუში.
მართლაც, მანჩესტერელებმა ბოლო ათივე შეხვედრაში გაუშვეს გოლები, რაც ბოლო შვიდ წელიწადში მათი ყველაზე ფინთი სერიაა.
მარკ გეჰი ზედმეტად ხშირად უშვებს ინდივიდუალურ შეცდომებს (მათ შორის იყო ბურთის ის უგერგილო მიღება, რასაც ასტონ ვილასთან საშინაო შეხვედრაში პირველი გოლი მოჰყვა), ხოლო რუბენ დიაში წნეხის ქვეშ შეტევების წამოწყებისას აშკარად უხეიროდ გრძნობს თავს.
ამასობაში, იოშკო გვარდიოლი ორ ამპლუას შორისაა ბურიდანის ვირივით გაჭედილ-გახიახებული და მარცხენა ფლანგიდან ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონებში შეწევით ბურთს წარამარა კარგავს (გაიხსენეთ ნოტინგემის პირველი გოლი 1:3 წაგებულ საშინაო მატჩში).
იმავე ფლანგზე წვალობს ო'რაილიც, მარჯვნივ კი აბდუკოდირ ხუსანოვისა და მატეუშ ნუნეშის დაცვითი ალღოს ნაკლებობა სიტისთვის შაკიკივით მწვავე თავის ტკივილად იქცა.
ჯანლუიჯი დონარუმა კარის ხაზზე საიმედოობის გარანტი ვეღარაა და თანაგუნდელებს როგორც ფეხით თამაშით, ისე ბურთის ხელში დაჭერითაც ხშირად აღალატებს.
სტრუქტურული პრობლემები ნახევარდაცვაზეც ვრცელდება, სადაც მანჩესტერ სიტის ჰაერივით სჭირდება და აკლია როდრისეული სიმარჯვე მეტოქის კონტრიერიშების ჩასაშლელად. კლუბის სარეკორდო საზაფხულო შენაძენების, ენცო ფერნანდესისა და ელიოტ ანდერსონის საყრდენ ზონაში დაწყვილებამ ვერ იმუშავა, რადგან ორივეს ბუნებრივად წინ წასვლისკენ მიუწევს გული და სული, ეს კი მეტოქეების სათარეშოდ უზარმაზარ სივრცეებს ტოვებს. ანდერსონის მეწყვილედ მაროკოელი აიუბ ბუადი ბევრად უფრო ლაზათიანად ირჯება და მათმა დუეტმაც გარკვეულ მონაკვეთებში სიტის მეტი სიმყარე შესძინა, მაგრამ ამის გამო მარესკას მოუწია, ფერნანდესი ათიანის პოზიციაზე შეეკვეხა, რაც კოხტაპრუწა არგენტინელს არც უხდება და არც გამოსდის.
ამ ყველაფერმა ერლინგ ჰოლანდი წინა ხაზზე სრულ იზოლაციაში მოაქცია. აყლაყუდა ნორვეგიელმა სეზონი ჩვეულ ჩაუქ ფორმაში დაიწყო და 12 შეხვედრაში 14 გოლი მიითვალა, თუმცა ბოლო ოთხ მატჩში მეტოქის კარი ერთხელაც ვერ აიღო, ნეაპოლელებთან კი კარის მიმართულებითაც კი არ დაურტყამს.
„უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ვიპოვოთ გზები, რომლებიც თამაშის უკეთ გაკონტროლებისა და უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობის საშუალებას მოგვცემს. წარმოდგენა არ მაქვს, რა დაგვაკლდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თამაშში იგრძნობა, რომ რაღაც ბოლომდე ვერ ეწყობა და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და თითოეულმა ფეხბურთელმაც მაქსიმუმი გავაკეთოთ. სამკლავურით თუ მის გარეშე, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ერთადერთი, რაც მინდა, ამ კლუბისთვის თამაში და მატჩების მოგებაა. ახლა კი ამას ვერ ვაკეთებთ და ეს ძალიან მტკივნეულია“, - წაიმსჯელ-წაიწუწუნა ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა.
ალბათ ამჩნევთ, რომ ნორვეგიელი სუპერფორვარდის ამ კვირის განცდებსა და ოქტომბრის დასაწყისში ლივერპულის 3:0 განადგურების შემდეგ მიღებულ განწყობას შორის განსხვავება, როგორც ცასა და დედამიწას შორის, ისეთია.
„ენფილდ როუდზე“ გამარჯვების შემდეგ გამჟღავნდა „ქალაქელთა“ ფინანსური მზაკვრობები და ყველა ვხედავთ, სიტუაციის პირქუშმა რეალობამ როგორ დამთგრუნველად იმოქმედა ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდის შედეგებზე.
მოგეხსენებათ, ხალდუნ ალ-მუბარაქმა და მისმა ძმობილმა შეიხმა მანსურმა განაჩენი გაასაჩივრეს, აქაოდა ზამთრის პირველი თოვლივით სუფთა და სპეტაკია ჩვენი ნამოქმედარიო, მაგრამ მოლოდინი ასეთია: სეზონის ბოლოსთვის მანჩესტერ სიტის თავს დაატყდება მკაცრი სასჯელი - იქნება ეს ქულების სარეკორდო ჩამოკლება, ჩემპიონშიპში დაქვეითება თუ საფეხბურთო ლიგიდან საერთოდ უპარდონოდ გარიცხვა.
თუკი ეს მოხდა, პოტენციურ საჩემპიონო რბოლაში ჩადებული ძალისხმევაც მანჩესტერში მოდუდუნე მდინარე ერუელის წყალში ჩაიყრება. ბუნებრივია, მარესკასაცა და გუნდის თითოეული წევრსაც გულის სიღრმეში ფიცრის ჭიასავით შემძვრალი ფიქრები აშფოთებთ და ჩვენი მოხათრებული აზრითაც, სწორედ ეს არის სიტის საგრძნობლად დაცემული ინტენსივობის აშკარა მიზეზი.
იტალიელი დამრიგებელი ჯერ-ჯერობით უარს ამბობს თავისი ხელქვეითი მობურთალების კრიტიკაზე და გუნდის სუსტ ფორმას იმ გარდამავალი პერიოდებით ამართლებს, რაც მწვრთნელების წასვლა-წამოსვლას ახასიათებს ხოლმე - ერთ კაცთან გატარებული 10 წლის შემდეგ ცვლილებები იოლი საქმე კი არაა, ეს ამბავი ჩვენთვისაც რთული იყოვო, როგორცო არსენალისთვისა და თანაქალაქელ იუნაიტედისთვისაცო, ასე განუცხადებია მარესკას თანამემამულე ჟურნალისტებისთვის ნაპოლისთან ფრის შემდეგ.
თუმცაღა, კუთხეში დაყენებელი პატარა ბავშვივით თავის მართლება ნამდვილად არ ჭრის 465-მილიონიანი სატრანსფერო კამპანიის შემდეგ. ბოლო-ბოლო სიტის ევროპის ტოპ-ხუთ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სათადარიგოთა სკამიც აქვს და საკმარისზე მეტი კლასიც აბადია საიმისოდ, რომ იმაზე ბევრად უკეთ თამაშობდეს, ვიდრე ახლა ირჯება, თორემ გაჭიანურებულ სასამართლო ვერდიქტამდე კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ლაჟვარდისფერთა კიცხვა, ქილიკი, ძაგება, გაკილვა და განქიქება.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები