არსენალის კაპიტანი, მარტინ ოდეგორი, მოედანზე ისეთივეა, როგორიც ცხოვრებაში: გაწონასწორებული, ზუსტი და აუღელვებელი.
27 წლის ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ვრცელ ინტერვიუში საკუთარ კარიერაზე, მიკელ არტეტასთან ურთიერთობასა და იმ ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე ისაუბრა, რომელიც მას სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ეხმარება.
ლიდერობა
ოდეგორის გზა ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. 15 წლის ასაკში ნორვეგიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა, 16 წლისა კი უკვე მადრიდის რეალში კრიშტიანუ რონალდუს ცვლიდა. მიუხედავად ასეთი ადრეული პოპულარობისა, მარტინი ამბობს, რომ მისი წარმატება არა ბედისწერის, არამედ ჩვევისა და შრომის შედეგია.
ბავშვობიდანვე ჩემი ოცნება საუკეთესო კლუბსა და ლიგაში თამაში იყო. მამასთან ერთად მუდმივად ფეხბურთს ვუყურებდი და ეს სიყვარული ბუნებრივად მოვიდა, თუმცა ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას
„ნუ უსმენთ გარე სამყაროს“
ფეხბურთელი, რომელიც მუდმივი წნეხის ქვეშ გაიზარდა, თვლის, რომ მთავარი მხოლოდ იმის კონტროლია, რაც შენზეა დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია, არ უსმინო გარე სამყაროს და მხოლოდ შენს გარშემო მყოფ, სწორ ადამიანებს დაუჯერო. ხალხის აზრი მხოლოდ აზრია, მე კი ყოველთვის ჩემი თავის ერთგული ვრჩები
არტეტას ფაქტორი და კრეატივი
ოდეგორის თქმით, არსენალში მისი გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიკელ არტეტა იყო. ესპანელი მწვრთნელის სისტემა სიზუსტესა და მაღალ სტანდარტებზეა აგებული, თუმცა მარტინი ახერხებს, რომ ამ ჩარჩოებში თავისი კრეატივიც შეინარჩუნოს.
არტეტასგან ბევრი რამ ვისწავლე, მისი სტანდარტები წარმოუდგენლად მაღალია. თუმცა, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება. საუკეთესო მაშინ ვარ, როცა მოედანზე ინსტინქტებს ვენდობი
სეზონის ფინიშთან ერთად, როცა არსენალი ტიტულთან ასე ახლოსაა, ოდეგორი ისევ სიმშვიდეს ინარჩუნებს. ის არ აჰყვება ხმაურს და გუნდსაც საკუთარი რიტმით მიუძღვება ისტორიული გამარჯვებისკენ.