პორტუგალიურმა პოლიტიკურმა პარტიამ LIVRE 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძლობიდან მაროკოს მოკვეთა მოითხოვა.
ამის მიზეზი სეუტაში განვითარებული მძიმე საიმიგრაციო კრიზისია. პარტიის წარმომადგენლის, ჟორჟე პინტუს განცხადებით, მაროკომ საკუთარი კომპეტენცია ვერ დაამტკიცა, ნდობას არ იმსახურებს და პორტუგალიამ ასეთ ქვეყანასთან ერთად მუნდიალის ორგანიზებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
თავდაპირველად ტურნირის მასპინძლობა ესპანეთს, პორტუგალიასა და უკრაინას უნდა გაენაწილებინათ, თუმცა მოგვიანებით უკრაინა სწორედ მაროკომ ჩაანაცვლა. მიუხედავად მწვავე პოლიტიკური მოწოდებებისა, RMC-ის ცნობით, ამ ეტაპზე აფრიკული ქვეყნისთვის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგან დრო ცოტაა და ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაწყებულია.
გარდა ამისა, მაროკოს ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სრული მხარდაჭერა აქვს. სანამ შვეიცარიელი საფეხბურთო სამყაროს სათავეშია, მაროკოს ტურნირიდან მოკვეთის შანსი თითქმის ნულის ტოლია.