26 ნოემბერს, 21:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის იბერია 1999 უეფას კონფერენს ლიგის მე-4 ტურში ესპანურ ხეტაფეს უმასპინძლებს.
ეს არ არის უბრალოდ მორიგი ევროტურნირის მატჩი - ეს არის შეხვედრა, რომელსაც ქართული კლუბისთვის სასიცოცხლო და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
რატომაა ეს მატჩი გადამწყვეტი იბერია 1999-ისთვის?
პირველ რიგში, საქმე ეხება ისტორიულ პირველ გამარჯვებას. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში იბერია 1999 მხოლოდ მეორე კლუბია, რომელმაც 22-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. სადებიუტო ქულა უკვე აქტივშია, ახლა კი მთავარი მიზანი პირველი 3 ქულაა - თანაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატის, ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენელთან.
ამ გამარჯვებას უდიდესი სატურნირო ფასიც აქვს. საერთო ეტაპზე მონაწილე 36 გუნდიდან პლეი-ოფში 24 საუკეთესო გადის. 3 ტურის შემდეგ იბერია 1999-ს 1 ქულა აქვს და საუკეთესო 24-ეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. საკუთარ კედლებში მოპოვებული გამარჯვება ქართულ კლუბს პირდაპირ პლეი-ოფის ზონაში გადაიყვანს.
3 რამ, რაც იბერია 1999 - ხეტაფეს მატჩამდე უნდა იცოდე
ამასთან, მეტოქის დასამარცხებლად იდეალური მომენტია. ხეტაფესაც მხოლოდ 1 ქულა აქვს და თბილისში რთული გრაფიკის, შორეული მგზავრობისა და ლა ლიგაში მადრიდის ატლეტიკოსთან განცდილი მარცხის ფონზე ჩამოდის, რაც მასპინძლებისთვის დამატებითი კოზირია.
რატომ უნდა იყო სტადიონზე?
ასეთ დონეზე სავსე ტრიბუნების მუხტი გადამწყვეტია. როცა გუნდი ევროპულ არენაზე საქართველოს სახელს იცავს, მე-12 მოთამაშის მხარდაჭერა ფეხბურთელებს ორმაგ ძალას აძლევს. გარდა იმისა, რომ იშვიათი შესაძლებლობაა, საკუთარ ქალაქში, ოფიციალურ მატჩში ნახო ლა ლიგის კლუბი ქართული გუნდის წინააღმდეგ, საღამოს ნამდვილ ფესტივალად მუსიკალური შოუც აქცევს, მატჩის ფარგლებში მიხეილ მესხზე ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტები, TAHA და BXNNY წარდგებიან.
მოდით სტადიონზე 26 ნოემბერს და ერთად დავეხმაროთ იბერია 1999-ს ისტორიის დაწერაში!
იბერიას კონფერენს ლიგის საშინაო მატჩის ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.