UFC 329-ზე, რომელიც 11 ივლისს ლას-ვეგასში გაიმართება, საინტერესო დაპირისპირება შედგება - დებიუტანტ გეიბლ სტევენსონს ყოფილი პოლიციელი, ელიშა ელისონი დაუპირისპირდება.
ეს ბრძოლა განსაკუთრებულია თავად ელისონის რთული ცხოვრებისეული ისტორიის გამოც.
ელისონი წარსულში სამართალდამცავი იყო, თუმცა სამსახურიდან გათავისუფლებამ მას უდიდესი სტრესი მოუტანა. 2022 წლის 31 ოქტომბერს, ურთულესი დეპრესიის ფონზე, მან საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა გადაწყვიტა. როგორც თავად ყვება, მეგობრის დროულმა ზარმა გადაარჩინა.
მძიმე პერიოდის შემდეგ, მწვრთნელმა ჯეფმა მას ბრძოლა შესთავაზა. პირველი სამოყვარულო გამარჯვების შემდეგ, ელისონმა იგრძნო, რომ ბრძოლამ მას ახალი მიზანი შესძინა და ცხოვრების აზრი დაუბრუნა.
ელისონმა სამოყვარულო კარიერის (5 ბრძოლა) შემდეგ პროფესიონალურ ასპარეზზე გადაინაცვლა. დღეისთვის მისი პროფესიონალური რეკორდია 5 გამარჯვება და 2 მარცხი, თანაც აღსანიშნავია, რომ მის არცერთ ბრძოლას მსაჯთა გადაწყვეტილებამდე არ მიუღწევია – ყველაფერი ვადამდე სრულდება.
ელისონი აცნობიერებს, რომ მის წინააღმდეგ რინგზე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი, გეიბლ სტევენსონი გამოდის. ელისონის გეგმაა, სტევენსონს არ მისცეს საშუალება, თავისი ელიტური ჭიდაობის სტილი ეფექტურად გამოიყენოს.
მიუხედავად იმისა, რომ სტევენსონს ფავორიტად მიიჩნევენ, ელისონი ბრძოლისუნარიანი მებრძოლია, რომლისთვისაც ეს შესაძლებლობა მხოლოდ სპორტული ასპარეზი კი არა, პირადი გამარჯვების ნაწილიცაა.