UFC ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
ამჯერად საქმე ეხება UFC 329-ის სარეკლამო ვიდეო რგოლში კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის ხელოვნური ინტელექტით გამოსახვას. გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ვიდეოში მაქს ჰოლოუეის გარეგნობა თითქმის ამოუცნობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას გააჩნია ორივე მებრძოლის რეალური საარქივო კადრები.
მას შემდეგ, რაც UFC-მ AI-ს გამოყენება დაიწყო, გულშემატკივრები ხშირად აკრიტიკებენ ორგანიზაციას, მათ შორის UFC Freedom 250-ის პრომოსა და UFC 329-ის პოსტერის გამო, სადაც მებრძოლები ხელოვნურად იყვნენ გენერირებულნი.
დანა უაითმა ადრეულ კრიტიკას უპასუხა მოწოდებით, რომ სჯობს გულშემატკივრები „გაჩუმდნენ და ბრძოლას უყურონ“. თავის მხრივ, UFC-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კრეიგ ბორსარიმ განაცხადა, რომ AI მხოლოდ ამდიდრებს კონტენტს და არა ანაცვლებს მას.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკულ კომენტარებში გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ 11 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიისთვის ასეთი ხარისხის ვიდეოების გამოშვება მიუღებელია.
მიუხედავად ფართო უკმაყოფილებისა, UFC აგრძელებს AI-ს დანერგვას, რაც ჩანს მათი ახალი AI META რეიტინგების სისტემაშიც.