ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, რომარიომ გუნდის გამოსვლა და პერსონალიები მწვავედ გააკრიტიკა.
მან უკმაყოფილება გამოთქვა ენდრიკის მიერ გაცუდებული საგოლე შანსის, ვინისიუს ჟუნიორის პასიურობისა და კარლო ანჩელოტის ტაქტიკური გადაწყვეტილებების გამო.
რომარიომ მკაცრად შეაფასა ენდრიკის მომენტი ნორვეგიასთან მატჩის მეორე ტაიმში. მისი თქმით, ასაკზე აქცენტის გაკეთება გამართლებული არ არის და ფეხბურთელს, რომელიც მოედანზეა, გოლის გატანის სრული პასუხისმგებლობა აკისრია. რომარიოს აზრით, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რომელსაც მატჩის ბედი უნდა შეეცვალა.
ბრუნო გიმარაეშის მიერ გაცუდებულ პენალტთან დაკავშირებით რომარიომ განაცხადა, რომ ვინისიუსი, როგორც გუნდის მთავარი ვარსკვლავი და ლიდერი, ვალდებული იყო თავად აეღო ბურთი და დაერტყა პენალტი, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული სამწვრთნელო შტაბს მატჩამდე.
რომარიო ასევე უკმაყოფილოა იტალიელი მწვრთნელის გადაწყვეტილებებით. განსაკუთრებით კრიტიკული იყო ედერსონის შემოყვანა ბრუნო გიმარაეშის ნაცვლად და დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემები, რაც, მისი თქმით, კადრების არასწორი შერჩევის შედეგია.