-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ბანაკის სკანდალურად დატოვების შემდეგ პირველი ვრცელი და პირდაპირი განცხადება გაავრცელა, სადაც ჟორჟე ჟეზუშთან კონფლიქტის ყველა დეტალი გაასაჯაროვა.
„როგორც დაგპირდით, გადავწყვიტე პირადად და პირდაპირ მოგიყვეთ ნაკრების ბოლო შეკრებასთან დაკავშირებული გარემოებები.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიელი ხალხისთვის განკუთვნილი წერილი მოვამზადე, რომელსაც ახლაც ვინახავ - სიტყვები, რომლებითაც მინდა მივმართო მათ, როდესაც ნაკრებს საბოლოოდ დავემშვიდობები.
აშშ-იდან დაბრუნებისთანავე, ფედერაციის პრეზიდენტმა დაჟინებით მთხოვა გადამეხედა წასვლის გადაწყვეტილებისთვის. მან ასევე მკითხა აზრი ახალ მწვრთნელზე, რომლის დანიშვნასაც განიხილავდა. ვუპასუხე, რომ ეს სწორი არჩევანი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, მისი დანიშვნის დღეს გულწრფელად გამიხარდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ახალი მწვრთნელი დამიკავშირდა და პირადად შეხვედრა მთხოვა. შეხვედრა Cidade do Futebol-ში შედგა. მან მითხრა, რომ ჩემზე ამყარებდა იმედებს და რომ ჩემი ყოფნა მისი პროექტის ფუნდამენტი იყო. მან წარმოადგენა პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვითამაშებდი პირველ და ბოლო მატჩს, ხოლო ფიზიკური დატვირთვის სამართავად ყოველ მატჩში 3-4 ცვლილებას გააკეთებდა.
იმ მომენტში მან წამოაყენა იდეა, რომ ნორვეგიასა და დანიაში არ გავყოლოდი გუნდს, ვითამაშებდი პირველ მატჩს, დავრჩებოდი პორტუგალიაში და ჯგუფს „დრაგაუზე“ მატჩამდე შევუერთდებოდი. ეს წინადადება მაშინვე უარვყავი. ჩემთვის აშკარა იყო, რომ ამას ვერ მივიღებდი - კაპიტნის მოვალეობის შესრულება არ უნდა შეწყვეტილიყო და პორტუგალიაში დარჩენის პრივილეგია ცუდი მაგალითი იქნებოდა. მწვრთნელმა საბოლოოდ გაიზიარა ჩემი ანალიზი. ამ საუბარს ალ-ნასრის სპორტული დირექტორი სიმაო კუტინიოც ესწრებოდა.
შეკრების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მწვრთნელი ლისაბონში ჩემს სახლში მოვიდა. საუბარი მშვიდი იყო და აგვისტოში შეთანხმებული ყველა პრინციპი ძალაში დარჩა. „ალვალადეზე“ ვითამაშეთ და, მიუხედავად შეცვლისა, პრობლემა არ წამომიჭრია, სამკლავური ბრუნო ფერნანდეშს თავად გავუკეთე. იმ დღეს ჩემთვის მთავარი გამარჯვება იყო.
ნორვეგიაში მატჩის დღეს, სადილობისას, მწვრთნელის ასისტენტი მოვიდა და მითხრა, რომ მწვრთნელს ჩემთან საუბარი სურდა. ჩემდა გასაოცრად, მან მკითხა, ვიყავი თუ არა მზად 30 წუთი სათამაშოდ. სრულიად კონცენტრირებული ვიყავი აღდგენაზე, რადგან 4 რიცხვამდე, „დრაგაუზე“ მატჩამდე მოედანზე გასვლა არ მევალებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე.
დანარჩენი ყველამ იცის. მეორე ტაიმიდან ვხურდებოდი, ვუყურებდი როგორ გადიოდა წუთები და მოედანზე არ შემიყვანეს. აქ მწვრთნელმა პირობა პირველად არ შეასრულა.
მატჩის შემდეგ უბრალოდ მინდოდა ყველაფერი გამარჯვებით დასრულებულიყო და მარტო დავეტოვებინე. გულშემატკივრებს არ მივესალმე - ეს შეცდომაა, რომელზეც პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. ბოდიშს ვუხდი პორტუგალიელებსა და ყველა ფანს.
48 საათის შემდეგ მე, მწვრთნელსა და სიმაო კუტინიოს შორის სიღრმისეული და პირდაპირი საუბარი შედგა. შევთანხმდით, რომ ამ საკითხის დახურვის ერთადერთი გზა არსებობდა: მწვრთნელს პრესკონფერენციაზე უნდა გაემეორებინა ის, რაც პირადად მითხრა. მას უნდა ეთქვა, რომ არასდროს მომითხოვია კონკრეტული წუთების თამაში, რომ ეს გრაფიკი მან თავად შემომთავაზა და რომ ჩემი გასახურებლად გაყვანა და მოედანზე არ შეყვანა შეცდომა იყო, რომელსაც აღარ გაიმეორებდა.
შეხვედრა იმით დასრულდა, რომ მწვრთნელმა ჩახუტება მთხოვა და დამპირდა, რომ პრესკონფერენციაზე ამას იტყოდა. მან ასევე სთხოვა ვიდეოკონფერენციის ჩატარება ტიაგუ კრავეიროთან. მომზადდა მოკლე დოკუმენტი, რომელიც პირადად დავამტკიცე.
პრესკონფერენცია კი ისე წარიმართა, როგორც ყველამ იცის - მისი დამოკიდებულება სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც შეხვედრაზე იყო. მოვისმინე აგრესია და პოზიცია „მინდა, შემიძლია და ვბრძანებ“, რაც მას პირად საუბარში არასდროს უჩვენებია.
მან სიტყვა მეორედ გატეხა.
გადავწყვიტე ბანაკი დამეტოვებინა. ჩემთვის ადამიანებს შორის ურთიერთობაში სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანია. ფედერაციის პრეზიდენტთან და მწვრთნელთან საუბრისას განვუცხადე: თუ არ ვჭირდები, პირდაპირ მითხარით-თქო. მათ ერთხმად მიპასუხეს, რომ არა, ჩემი ადგილი ნაკრებში იყო.
თითქმის 25-წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს ჩავრეულვარ მწვრთნელის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებში. ვცემ პატივს გადაწყვეტილებებს, მაგრამ როდესაც სიტყვას ტეხენ, ვგრძნობ, რომ ჩემი ადგილი იქ აღარაა.
ბოდიშს ვუხდი თანაგუნდელებს ბანაკის დატოვების გამო. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა. ეს საქციელი ფედერაციამ უნდა განიხილოს და დამასანქციროს - შემსუბუქებელი გარემოებების გარეშე. მე ნაკრების კაპიტანი ვარ და ეს დამამძიმებელი გარემოებაა. წესები ყველასთვის ერთია.
რაც შეეხება გამოსამშვიდობებელ მატჩს - ცხოვრებაში ვისწავლე, რომ არავინ არაფერს გჩუქნის. ჩემს ფანებს ვპირდები, რომ დავაორგანიზებთ ერთ ან რამდენიმე გამოსამშვიდობებელ შეხვედრას. ამის დროც იქნება.
მაგრამ როდესაც ნაკრებზე ვფიქრობ, კონკურენციაზე ვფიქრობ. ასე ვიფიქრე იმ დღესაც, როდესაც მამის გარდაცვალების შესახებ შემატყობინეს - ნაკრების შეკრებაზე ვიყავი და დარჩენა გადავწყვიტე.
შესაბამისად, თუ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები და კლუბში ითამაშებ, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, მზად ვიქნები ვითამაშო და გავიმარჯვო ჩვენს ნაკრებთან ერთად.
ეს არის წმინდა სიმართლე", - განაცხადა რონალდუმ.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები