-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ ეროვნული გუნდიდან წასვლაზე ფიქრობდა, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტ პედრუ პროენსასთან და მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან საუბრის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა - მათ ის დაარწმუნეს, რომ ნაკრებში კვლავ ეყრდნობოდნენ.
ჟორჟე ჟეზუშის სადებიუტო ოფიციალურ მატჩში, უელსის წინააღმდეგ (1:0), კრიშტიანუმ სასტარტოში ითამაშა და 70-ე წუთზე შეცვალეს. ამის შემდეგ კი ნორვეგიასთან შეხვედრა დადგა.
ჟეზუშმა რონალდუ სათადარიგოთა სკამზე დასვა და განმარტა, რომ 41 წლის ფეხბურთელისთვის 3 დღეში ორი მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, კრიშტიანუს აღუთქვეს, რომ მოედანზე მატჩის მსვლელობისას აუცილებლად შევიდოდა. ჟეზუშმა მოგვიანებით თავადვე დაადასტურა, რომ რონალდუს ბოლო 30 წუთის თამაშს დაპირდა. კრიშტიანუ გახურდა კიდეც, თუმცა მოედანზე საერთოდ არ შეუყვანიათ.
მწვრთნელმა ეს ტაქტიკური მიზეზებით ახსნა: „მატჩის სცენარი შეიცვალა, გონსალუ რამუში კარგად თამაშობდა, გოლი გაიტანა და მისი შეცვლის მიზეზი არ მქონდა“. ჟეზუშმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ ყოფილა ფიზიკური კონდიციების ბრალი.
რონალდუმ მთელი 90 წუთი სკამზე გაატარა. საფინალო სასტვენისთანავე იგი პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა და გულშემატკივრებს მადლობა არ გადაუხადა. ჟეზუშმა აღნიშნა, რომ ეს რეაქცია ვერ შეამჩნია და ამ თემაზე დაელაპარაკებოდა.
პორტუგალიურ მედიაში დაიწერა, რომ კრიშტიანუ უკმაყოფილო დარჩა არა სკამზე ჯდომით, არამედ იმით, რომ წინასწარ შეთანხმებული გეგმა შეიცვალა. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც მომდევნო დღეებში რონალდუმ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა. ფედერაციამ განმარტა, რომ მან ინდივიდუალური ვარჯიში სასტუმროს სპორტდარბაზში ჩაატარა, თუმცა მედიამ ეს ღია კონფლიქტად შეაფასა.
ვითარების განსამუხტად კოპენჰაგენში სასწრაფოდ ჩაფრინდა ფედერაციის პრეზიდენტი პედრუ პროენსა. პროენსას, რონალდუსა და ჟეზუშს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ კონფლიქტი მოგვარდა. ჟეზუშმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „პრობლემა საერთოდ არ არსებობდა“ და იქვე დასძინა: „ნაკრებში გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე ვიღებ და ვერცერთი მოთამაშე ჩემს ტაქტიკას ვერ შეცვლის“.
„პელეც რომ იყოს და მარადონაც", - პორტუგალიის ნაკრების თავკაცი რონალდუს წასვლას გამოეხმაურა
ამ განცხადებამ სიტუაცია ხელახლა ააფეთქა. MARCA-ს ცნობით, რონალდუ განრისხდა ჟეზუშის მტკიცებით, თითქოს პრობლემა არ ყოფილა. კრიშტიანუმ კვლავ გამოტოვა საერთო ვარჯიში და საბოლოოდ ნაკრების ბანაკი საერთოდ დატოვა.
სულ რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუმ განაცხადა: „როგორც კი ვიგრძნობ, რომ ნაკრებში არ ვჭირდები, ჩანთას ავიღებ და წავალ“.
ნორვეგიასთან გატეხილი პირობის, უთამაშებელი წუთების, ჩაშლილი ვარჯიშებისა და მწვრთნელის წინააღმდეგობრივი განცხადებების შემდეგ, რონალდუს მომავალი ეროვნულ გუნდში უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
MARCA-ს ცნობით, გამორიცხული არ არის, კრიშტიანუმ საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადოს.
O Jogo იმასაც კი წერს, რომ ნაკრებიდან ამ წასვლით რონალდუმ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება ცვლილებას აღარ ექვემდებარება.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება - სენსაციური ცნობები პორტუგალიიდან

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები