მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
8 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეს დღეც დადგა - 2024 წლის 1 ივნისი. დღე, როცა 2023/24 წლების საკლუბო სეზონი ოფიციალურად დასრულდება.
მადრიდის რეალი - დორტმუნდის ბორუსია
ლონდონი, სტადიონი უემბლი, თბილისის დროით 23:00 საათზე, მატჩის მთავარი არბიტრი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
უყურე მატჩს სრულიად უფასოდ adjarabetarena-ზე
როგორც ბორუსიას მწვრთნელმა თქვა, მის გუნდს დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში აბსოლუტურ ფინალურ ბოსთან მოუწევს შეჭიდება - ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი და რთული მისია ფეხბურთში, ვიდრე მადრიდის რეალთან ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში შეჭიდებაა. მას შემდეგ, რაც 1992-ში ტურნირს სახელი გადაერქვა და ჩემპიონთა თასი - ჩემპიონთა ლიგა გახდა, რეალმა მისი ფინალი რვაჯერ ითამაშა და რვავე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.
იუვენტუსი, ვალენსია, ლევერკუზენი, ატლეტიკო, ატლეტიკო, იუვენტუსი, ლივერპული და ისევ ლივერპული - ეს ჩემპიონთა ლიგის რეალის რვავე მსხვერპლია ჩემპიონთა ლიგის ფინალებში და დღეს დორტმუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ "საპატიო" სიას არ შეუერთდეს.
თავად ფუტკრებს რაც შეეხება - გუნდი ფინალს ისტორიაში მესამედ ითამაშებს - პირველი გუნდმა მიუნხენში, ოლიმპიაშტადიონზე გამართა, როცა 1996/97-ში იუვენტუსს 3:1 მოუგო და ტიტულს თავის ისტორიაში [ჯერჯერობით] ერთადერთხელ დაეუფლა. მეორე ფინალი ზუსტად 11 წლის წინ, იმავე სტადიონზე გაიმართა, სადაც გუნდები დღეს ითამაშებენ - უემბლიზე გამართულ გერმანულ ფინალში, ბაიერნმა დორტმუნდს მძიმე ბრძოლაში, ბოლო წუთებზე გატანილი გამარჯვების გოლით, 2:1 მოუგო.
ევროპული ფინალების ისტორია უემბლიზე
გუნდებმა ფინალამდე განსხვავებული გზა გამოიარეს - დორტმუნდს შანსს თავიდანვე არ უტოვებდნენ. ედინ ტერზიჩის გუნდი ე.წ "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა პსჟ-სთან, ნიუკასლთან და მილანთან ერთად და ფუტკრების შემდეგ ეტაპზე გასვლა გარანტირებული და აუცილებელი ამბავი არავისთვის არ ყოფილა. თუმცა, გერმანელებმა ყველა კრიტიკოსი დაადუმეს, როცა არათუ უბრალოდ ჯგუფიდან გავიდნენ, არამედ ეს ნაადრევად, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გააკეთეს, თანაც პირველი ადგილით.
მერვედფინალში ტერზიჩის გუნდმა პსვ-ს ბარიერი გადალახა - ნიდერლანდებში დაფიქსირებული ფრის (1:1) შემდეგ, სიგნალ იდუნა პარკზე დორტმუნდმა მშვიდად 2:0 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ლიგის პოტენციური ტიტულისაკენ მიმავალ გზაზე რომ შენი ყველაზე მარტივი მეტოქე ჰოლანდიის ჩემპიონია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ამის შემდეგ იყო ატლეტიკო და ყველას აზრით უშანსოდ მყოფი დორტმუნდი. მითუმეტეს, რომ პირველ ტაიმში გუნდი ვანდა მეტროპოლიტანოზე 0:2-ს მარცხდებოდა. თუმცა, ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, რამაც გუნდს გერმანული მატჩის წინ კარგი შანსები დაუტოვა.
სიგნალ იდუნა პარკზე რომ დორტმუნდი სრულიად სხვა გუნდია, ეს ატლეტიკოსთან მატჩში ნათლად ვიხილეთ - გუნდი ორი ბურთით დაწინაურდა, ატლეტიკო თამაშში დაბრუნდა და ანგარიშიც კი გაათანაბრა, თუმცა ტერზიჩის გუნდმა სიმეონეს შეგირდებს კიდევ ორი, უკვე უპასუხო გოლი გაუტანა და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში.
ტონი და მარკო - კონტრასტული გამომშვიდობება ორ ლეგენდასთან
ბუკმეიმერები ბევრ შანსს დორტმუნდს არც ნახევარფინალში აძლევდნენ, სადაც მისი მეტოქე პსჟ იყო. თუმცა, განსხვავებით წინა სტადიებისგან, აქ ფუტკრებმა სახლშიც მოიგეს და გასვლაზეც (ორივე მატჩი 1:0). მართალია, პსჟ-ს ტოტალურმა უიღბლობამაც შეუწყო ხელი უგოლო მატჩების ჩატარებას (6 ძელი ორ მატჩში), თუმცა ისტორიას მხოლოდ გამარჯვებულები ახსლოვს და ამიტომ, ენაც ვერავის გადაუტრიალდება, დორტმუნდს დაუმსახურებელი ფინალისტი უწოდოს.
რაც შეეხება მადრიდულ გრანდს - კარლო ანჩელოტის გუნდმა ჯგუფი 100%-იანი შედეგით დაასრულა - 6-დან 6 მატჩი მოიგო, თუმცა პირველივე საპლეიოფო ეტაპზე პრობლემებს გადააწყდა, როცა ლაიფციგს გერმანიაში ბრაჰიმ დიასის ულამაზესი სოლო გოლით 1:0 მოუგო. იმ მატჩის ნამდვილი გმირი უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი გახდა, რომელმაც 9 სეივი განახორციელა. მეტად დამაჯერებელი რეალი არც შინ ყოფილა. შეიძლება, მეტოქის არდაფასებას ჰქონდა ადგილი, თუმცა რედ ბულმა ბერნაბეუზეც გაიბრძოლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ანჩელოტის გუნდი შემდეგ ეტაპზე ჭრაჭუნით და გართულებით გავიდა (2:1).
მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრამ რეალი ზედიზედ მესამე სეზონში სიტისთან გადაკვეთა. ბევრმა ამ დაპირისპირებას ნაადრევი ფინალი დაარქვა და გუნდებმა ორ მატჩში განსხვავებული შოუები დაგვანახეს - სანტიაგო ბერნაბეუზე გოლების წვიმა (3:3) ვიხილეთ, ეტიჰადზე კი ანჩელოტის გაახსენდა, რომ ბოლოს და ბოლოს იტალიელი მწვრთნელია და დაცვაში თამაშის ეტალონი დაგვანახა მას შემდეგ, რაც რეალი ინგლისში სწრაფად დაწინაურდა. საბოლოოდ, საქმის გარკვევა პენალტებში გახდა საჭირო, სადაც რეალი უკეთესი აღმოჩნდა და სიტისთან ტრილოგიაში გამარჯვებულიც გამოვიდა (2-ჯერ შემდეგ ეტაპზე რეალი გავიდა, ერთხელ კი სიტი).
ნახევარფინალური ეტაპი რეალისთვის დამახასიათებელი დრამის გარეშე არ დარჩენილა - ევროპულ კლასიკად წოდებულმა რეალი - ბაიერნის დაპირისპირებამ უკმაყოფილო არ დაგვტოვა. მიუნხენში დაფიქსირებული შედეგიანი ფრის (2:2) შემდეგ, სანტიაგო ბერნაბეუზე ყველაფრის ნულიდან დაწყება გახდა საჭირო. მიუნხენელთა აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, რამაც თითქმის გაამართლა - მეორე ნახევარში შეცვლაზე შემტევად შემოსული ალფონსო დევისი კონტრშეტევაზე გაიქცა და არასამუშაო ფეხით ისე გაისროლა, ლუნინს შანსიც კი არ ჰქონია.
თუმცა, თომას ტუხელს სანტიაგო ბერნაბეუს ჩემპიონთალიგური მაგია დავიწყებია - 1:0 წინ გავიდა, რის შემდეგაც გუნდის თითქმის ყველა ლიდერი გაიყვანა და უმალვე დაისაჯა. მადრიდელებმა ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს და თამაში ძირითად დროშივე თავდაყირა დააყენეს - გმირის როლში ესპანელი ვეტერანი ხოსელუ მოგვევლინა, რომელიც კლუბმა ამ სეზონის დასაწყისში, იჯარით დაიმატა.
ურთიერთშეხვედრების ისტორია:
რეალისა და დორტმუნდის უეფას ეგიდით გამართული მატჩების ისტორია 14 თამაშს ითვლის. 6 გამარჯვება ესპანურ გრანდს დარჩა, 3 გერმანულს, 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. რეალმა ამ 14 მატჩში 24 გოლი გაიტანა, დორტმუნდმა კი - 19.
ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა - 105 გოლით, დორტმუნდის კი - მარკო როისი (24 გოლით).
უკანასკნელად გუნდების გზები 2017/18 სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა - რეალმა ორივე მატჩში მოიგო (3:1 სტუმრად და 3:2 გასვლაზე).
სავარაუდო შემადგენლობები:
დორტმუნდი: კობელი, რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი, ჯანი, საბიტცერი, ბრანდტი, სანჩო, ადეიემი, ფულკრუგი
რეალი: კურტუა, კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, მენდი, ვალვერდე, კამავინგა, კროოსი, ბელინგემი, როდრიგო, ვინისიუსი.
დანაკლისი:
დორტმუნდს ამ შეხვედრაში ბენსებაინი და დურანვილი გამოაკლდებიან, თუმცა ტერზიჩის გუნდი მათ გარეშე თამაშს ისედაც კარგად არის შეჩვეული.
რეალს დღეს დავიდ ალაბა და ორელიან ჩუამენი ვერ დაეხმარებიან - ავსტრიელი დიდი ხანია ტრავმირებულია, ფრანგმა კი დაზიანება ბაიერნთან მეორე ნახევარფინალში მიიღო და ახლა მისი მთავარი მიზანი ევრო 2024-სთვის მომჯობინებაა. ამიტომ, მის ადგილს სასტარტოში ედუ კამავინგა დაიკავებს.
ბოლო 3 ვარჯიში ვირუსის გამო ანდრეი ლუნინმა გამოტოვა, რომელიც ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, გუნდთან ერთად ლონდონშიც ვერ გაფრინდა. თუმცა, უკრაინელი ბრიტანეთში დღეს ჩაფრინდება და გუნდთან ერთად იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, კარლო ანჩელოტიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ მატჩს სასტარტოში კურტუა დაიწყებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები