კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანურ ხეტაფეს უმასპინძლებს.
სპორტულ-ანალიტიკურმა პორტალმა TelecomAsia-მ მომავალი დაპირისპირების წინ ორივე გუნდის სათამაშო ფორმა, სტატისტიკური ტენდენციები და მატჩის მოსალოდნელი სცენარი მიმოიხილა.
თბილისურ კლუბს ლიგის ფაზაში სამი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს. სტატისტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იბერია 1999-ის საშინაო სტაბილურობაზე: მიმდინარე ევროსეზონში თბილისელებს საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით არ წაუგიათ და მაქსიმუმ ორ გოლს უშვებენ, თუმცა კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებენ.
რაც შეეხება ხეტაფეს, TelecomAsia აღნიშნავს, რომ ესპანური კლუბი თბილისში არასახარბიელო ფორმით ჩამოვიდა. ბოლო ექვსი შეხვედრიდან ხოსე ბორდალასის გუნდმა ოთხი წააგო, მხოლოდ ექვსი გოლი გაიტანა და 13 გაუშვა.
გარდა ამისა, ხეტაფემ ბოლო ექვსი მატჩიდან ოთხში გოლის გატანა საერთოდ ვერ მოახერხა. ესპანელებმა უგოლოდ დათმეს შეხვედრები ატლეტიკოსთან (0:3 და 0:4), ვილიარეალთან (0:2) და კონფერენს ლიგაზე ბრაიტონთან (0:1).
პორტალის ანალიტიკოსების აზრით, იბერია 1999-სა და ხეტაფეს ისტორიაში პირველ ურთიერთშეხვედრაში მაღალშედეგიანი ფეხბურთი ნაკლებად მოსალოდნელია. სტატისტიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, სპეციალისტები დაძაბულ, მცირეგოლიან დაპირისპირებას პროგნოზირებენ და მიიჩნევენ, რომ მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავა.
იბერია 1999-ისა და ხეტაფეს მატჩი დღეს, 26 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:45 საათზე დაიწყება, შეხვედრას კი რუმინელი არბიტრი ჰორაციუ ფეშნიკი განსჯის.
შეხვედრის ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.