პრემიერ ლიგის ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის მოედანზე დაიწყება.
არსენალი ტიტულის დაცვას ჩემპიონშიფის გამარჯვებულ ქოვენთრი სიტისთან საშინაო მატჩით იწყებს.
გასულ სეზონში არსენალმა პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის 22-წლიანი ლოდინი დაასრულა, როდესაც მანჩესტერ სიტის 7ქულით აჯობა.
მეთოფეები ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან მარცხის შემდეგ ძალების აღდგენას შეუდგნენ და ზაფხულში ამბიციური მიზნები 2 მნიშვნელოვანი ნაბიჯით დაადასტურეს, ჯერ ბრუნო გიმარაეში დაიმატეს, შემდეგ კი გასულ უქმეებზე ქომუნითი შილდზე სიტი 3:0 გაანადგურეს.
თუ არსენალი სეზონის პირველ ტურში ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვებს, რაც კლუბის ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდება, მიკელ არტეტა პრემიერლიგის ეპოქაში მხოლოდ მე-5 მწვრთნელი გახდება, რომელიც 250-ზე ნაკლებ მატჩში ჩემპიონატში 150 გამარჯვებას მიაღწევს.
ამასთან, არსენალი შინ ახლად დაწინაურებულ გუნდებთან უკვე 45 მატჩია დაუმარცხებელია (40 მოგება, 5 ფრე), ეს ტურნირის ყველა დროის რეკორდია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად დიდია ისტორიული სეზონის სტარტის ალბათობა.
გასულ სეზონში ქოვენთრიმ ჩემპიონშიპი დამაჯერებლად მოიგო და ახლა ახალ რეკორდს დაამყარებს, გუნდი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 25-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს, რაც პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შუალედია.
ქოვენთრი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ინვესტიციებს არ ერიდება, კლუბმა მხოლოდ ამ ზაფხულს საკუთარი სატრანსფერო რეკორდი 4-ჯერ გააუმჯობესა.
ფრენკ ლამპარდი პრემიერლიგაში სამწვრთნელო კარიერის მე-4 ეტაპისთვის ემზადება, თუმცა სეზონის რთული სტარტი გასაკვირი არ იქნება, როგორც მეტოქის სიძლიერის, ისე იმის გათვალისწინებით, რომ ქოვენთრიმ ჩემპიონატის პირველი მატჩი ბოლოს 2021/22 წლების სეზონში მოიგო (2 ფრე, 2 მარცხი მას შემდეგ).
სავრააუდო შემადგენლობები
არსენალი - რაია; უაითი, მოსკერა, გაბრიელი, კალაფიორი; ოდეგორი, ლუის-სკელი, რაისი; საკა, ჰავერცი, ცოლისი
ქოვენთრი - რაშვორთი; ვან ევაიკი, ტომასი, ამენდა, დასილვა; ონიეკა, გრიმსი; ჩაუნა, ირენკი, ტომას-ასანტე; სიმსი
მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.