შონ ო'მალიმ, მერაბ დვალიშვილთან რემატჩის წინ, თავისი კარიერის დასრულების გეგმები გაამხილა. 30 წლის ყოფილი ჩემპიონი აცხადებს, რომ სურს 37 ან 38 წლამდე იბრძოლოს, რაც იმას ნიშნავს რომ MMA-ში კიდევ 7-8 წელი აქვს დარჩენილი.
„მინდა ვიბრძოლო 37-38 წლამდე,“ – განუცხადა ო'მალიმ ESPN MMA-ს.
„ვიბრძოლებ მანამ, სანამ სხეული გამიძლებს. ამისთვის კი აღდგენას ისევე სერიოზულად უნდა მივუდგე, როგორც ვარჯიშს და ამას უკვე ვაკეთებ კიდეც. ვფიქრობ, ეს შედეგს გამოიღებს.“
2024 წლის სექტემბერში, UFC 306-ზე, ო'მალიმ დვალიშვილთან ბრძოლაში მარცხი განიცადა. მოგვიანებით კი აღიარა, რომ ბრძოლამდე 10 კვირით ადრე მარცხენა თეძო ჰქონდა დაზიანებული, თუმცა მაინც გადაწყვიტა ბრძოლაში მონაწილეობა, რადგან არ სურდა Sphere-ში გამართული ღონისძიების გამოტოვება.
„ვფიქრობ, იმ პირობებში, როგორშიც ვიყავი, ჩემი გამოსვლა მისაღები იყო,“ – თქვა ო'მალიმ.
„არ მინდა, რომ ეს გამართლება იყოს. მოსამზადებელი პერიოდიც არ ყოფილა იდეალური, მაგრამ იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც მქონდა, კარგი იყო. ალბათ, არ უნდა მიმეღო ეს ბრძოლა.“
UFC 316, 8 ივნისს, ნიუ ჯერსის პრუდენშალ ცენტრში გაიმართება, სადაც ო'მალი შეეცდება, დვალიშვილთან რევანში აიღოს და კვლავ დაიბრუნოს ტიტული.