-
Aa
+
ფონტის ზომა
აღსანიშნავია, რომ ოთო განაცხადში ტყუპისცალ გიზი მამაგეიშვილთან ერთად მოხვდა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უკვე 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგისთვის
შედეგად გიზი და ოთო ეროვნული გუნდის ისტორიაში შოთა და არჩილ არველაძეების შემდეგ კიდევ ერთი ტყუპი ძმები ხდებიან.
თუმცა ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის და საერთაშორისო ფეხბურთში არა ერთხელ გვინახავს ტყუპი ძმები ერთი ნაკრების მაისურით.
ამ მხრივ რეკორდსმენები იბრაჰიმ ჰასანი და მისი იდენტური ტყუპისცალი ძმა, ჰოსამ ჰასანი, ეგვიპტური ფეხბურთის გამორჩეული ფიგურები არიან.
ამჟამად ისინი ეგვიპტის ეროვნული ნაკრების გუნდის დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობებზე მუშაობენ.
ჰოსამი ლეგენდარული თავდამსხმელი იყო და 176 მატჩში გატანილი 69 გოლით ეგვიპტის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო იბრაჰიმი ხისტი თამაშის სტილით გამორჩეული და არაერთი ტიტულის მფლობელი მარჯვენა მცველი იყო, რომელმაც ნაკრების მაისური 125-ჯერ მოირგო.
ორივე მათგანი ეგვიპტური გრანდების, ალ აჰლისა და ზამალეკის, ღირსებას იცავდა, ასევე უთამაშიათ ევროპაშიც.
იბრაჰიმი წლების განმავლობაში მუდმივად მუშაობდა ჰოსამის გვერდით, სხვადასხვა კლუბში მისი ასისტენტის ან გუნდის დირექტორის რანგში, ახლა კი ძმები ერთად მუშაობენ ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში.
ტყუპები ნაკრებში 2024 წელს დაინიშნენ და მათი ხელმძღვანელობით ეგვიპტე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, სადაც „ფარაონებმა“ ისტორიაში პირველად შეძლეს მერვედფინალში გასვლა. ცოტა ხნის წინ ძმებს კონტრაქტები 2030 წლამდე გაუხანგრძლივეს.
ფრანკ და რონალდ დე ბურები საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტყუპი ძმები და ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდები არიან.
ფრანკ დე ბური ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი აიაქსში გაატარა, მოგვიანებით კი ბარსელონას, გალათასარაის, რეინჯერსის, ალ-რაიანისა და ალ-შამალის ღირსებას იცავდა.
ნიდერლანდების ნაკრებში 112 მატჩი ჩაატარა. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა და სხვადასხვა დროს აიაქსს, ინტერ მაიამის, კრისტალ პალასს, ინტერსა და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა.
რონალდ დე ბური შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციებზე თამაშობდა. ძმის მსგავსად, კარიერის დიდი ნაწილი აიაქსში გაატარა და ასევე უთამაშია ბარსელონაში, რეინჯერსში, ალ-რაიანსა და ალ-შამალში. ნიდერლანდების ნაკრების მაისურით 67 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
ტყუპებმა კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში ერთად ითამაშეს. განსაკუთრებით წარმატებული იყო მათი პერიოდი აიაქსში, სადაც იმ გუნდის წევრები იყვნენ, რომელმაც 1995 წელს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ძმები აიაქსსა და რეინჯერსში შოთა არველაძის თანაგუნდელებიც იყვნენ. რა თქმა უნდა, შოთას ამ ბლოგში კიდევ ერთხელ ვახსენებთ.
ჰამით და ჰალილ ალთინთოფები ცნობილი თურქი ტყუპი ძმები, ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელები და მწვრთნელები არიან. ისინი 1982 წლის 8 დეკემბერს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში დაიბადნენ.
ჰამითი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და კარიერის განმავლობაში ისეთი ცნობილი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა შალკე 04, მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი.
2010 წელს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი ულამაზესი გოლისთვის ჰამითმა FIFA-ს ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო მოიგო. ამჟამად ის თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრია.
ჰალილი კი შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციებზე თამაშობდა. კარიერის განმავლობაში თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა შალკე 04 და ფრანკფურტის აინტრახტი.
ის ამჟამად საფეხბურთო მენეჯმენტსა და სამწვრთნელო სფეროში მუშაობს, კერძოდ მიუნხენის ბაიერნის აკადემიის სპორტული დირექტორია.
ჰამითს თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ 82 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ჰალილმა კი 38 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.
ალბათ, ჩვენთვის ყველაზე ცნობილ ტყუპ ძმებს დიდი წარდგენა არ სჭირდებათ, თუმცა მაინც გავიხსენოთ მათი კარიერა.
შოთა არველაძე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ფორვარდად ითვლება.
კარიერის განმავლობაში იცავდა თბილისის დინამოს, ტრაბზონსპორის, აიაქსის, რეინჯერსისა და ალკმაარის ღირსებას. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 61 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა, რითიც დღემდე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და სხვადასხვა დროს მუშაობდა ნიდერლანდებში, თურქეთში, ისრაელში, უზბეკეთსა და ინგლისში.
აჩი არველაძე ასევე თავდამსხმელი იყო. კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის დინამოში, ტრაბზონსპორში, ბრედასა და კიოლნში. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 32 მატჩში 6 გოლიც გაიტანა.
ტყუპებმა პროფესიული კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთად დაიწყეს, თბილისის დინამოში თამაშის შემდეგ ორივე თურქულ ტრაბზონსპორში გადავიდა.
მოგეხსენებათ, არველაძეები ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ოჯახია, მათი უფროსი ძმა რეზიც ეროვნული ნაკრების წევრი იყო.
საქართველოს მსგავსად ნიდერლანდების ნაკრებსაც ჰყავს ახალ თაობაში ტყუპი ძმები.
კუინტენ ტიმბერი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. საფეხბურთო განათლება ფეიენოორდისა და აიაქსის აკადემიებში მიიღო.
პროფესიულ დონეზე უთამაშია იონგ აიაქსსა და უტრეხტში, რის შემდეგაც ფეიენოორდში გადავიდა. 2026 წლის ზამთარში ის მარსელმა შეიძინა, ზაფხულიდან კი კარიერას კრისტალ პალასში აგრძელებს.
იურიენ ტიმბერი მცველია და შეუძლია როგორც ცენტრალური, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში. პროფესიული კარიერა აიაქსში დაიწყო, სადაც ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა, ხოლო 2023 წელს ლონდონის არსენალში გადავიდა.
ტყუპები ბავშვობაში ერთად თამაშობდნენ ფეიენოორდის, შემდეგ კი აიაქსის აკადემიაში, თუმცა პროფესიულ კარიერაში მათი გზები გაიყო.
კუინტენს ნიდერლანდების ნაკრებში ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, იურიენის ანგარიშზე კი 23 შეხვედრაა.
მატიას და ფლორენტინ პოგბები გვინეელი ტყუპი ძმები და ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. ისინი 1990 წლის 19 აგვისტოს გვინეის დედაქალაქ კონაკრიში დაიბადნენ. ისინი პოლ პოგბას უფროსი ძმები არიან.
ფლორენტინ პოგბა ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. კარიერის განმავლობაში უთამაშია სედანში, სენტ-ეტიენში, გენჩლერბირლიგიში, ატლანტა იუნაიტედში, სოშოსა და სხვა კლუბებში.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში გაიზარდა და ახალგაზრდულ დონეზე საფრანგეთის ნაკრებშიც უთამაშია, ეროვნულ დონეზე გვინეას წარმოადგენდა.
მატიას პოგბა კი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ევროპულ კლუბში ასპარეზობდა, მათ შორის რექსემში, კრიუში, პესკარაში, სპარტა როტერდამსა და სხვა გუნდებში. მატიასიც გვინეის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.
სვენ და ლარს ბენდერების სახით ტყუპებს გერმანიის ნაკრებშიც უთამაშიათ.
სვენ ბენდერი ძირითადად საყრდენი ნახევარმცველისა და ცენტრალური მცველის პოზიციებზე თამაშობდა. პროფესიული კარიერა მიუნხენ 1860-ში დაიწყო, შემდეგ კი დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა, სადაც გერმანიის ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.
მოგვიანებით ლევერკუზენის ბაიერს შეუერთდა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი 7 მატჩი ჩაატარა.
ლარს ბენდერი ცენტრალური და საყრდენი ნახევარმცველი იყო. მანაც მიუნხენ 1860-ში დაიწყო პროფესიული კარიერა, ხოლო 2009 წელს ლევერკუზენის ბაიერში გადავიდა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი იყო. გერმანიის ნაკრებში 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ტყუპები კარიერის დასაწყისში მიუნხენ 1860-ში ერთად თამაშობდნენ, ხოლო 2017 წელს სვენი ლევერკუზენის ბაიერში ლარსს შეუერთდა. 2021 წელს ორივემ პროფესიული ფეხბურთიდან წასვლა ერთდროულად გადაწყვიტა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ტყუპი ძმები ბრუნდებიან.
გიზი და ოთო მამაგეიშვილები 2003 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადნენ და ორივე თბილისის საბურთალოს (ამჟამინდელი იბერია 1999) აკადემიის აღზრდილია.
გიზი და ოთო ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობენ. პროფესიული კარიერა საბურთალოში დაიწყეს და ახალგაზრდული ასაკიდანვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ პერსპექტიულ მოთამაშეებადდ მიიჩნეოდნენ.
სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე საქართველოს ნაკრებებშიც უთამაშიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ჰქონდათ.
ოთომ 2025 წელს კარიერა პორტუგალიურ ფამალიკაოში გააგრძელა, ახლა კი იჯარის წესით ავსტრიულ ვოლფსბერგში თამაშობს, გიზიმ კი საქართველო წელს დატოვა და პირდაპირ ავსტრიაში გადავიდა, სადაც გრაცის შტურმში ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელია.
გიზის ეროვნულ ნაკრებში უკვე 4 მატჩი აქვს ჩატარებული, ოთო კი ვილი სანიოლმა პირველად გამოიძახა და მის დებიუტსაც მალე უნდა ველოდოთ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები